Wednesday, October 26, 2011
Sunday, October 16, 2011
კარამელის ხე
მინდა იცოდე, როცა ვერ გხედავ, მე ამ პლანეტიდან გავდივარ სხვა პლანეტაზე. იქ სადაც ცა ნარინჯისფერია და ჩვენს ცაში ვარსკვლავების ნაცვლად მანათობელი ფერადი თევზები ცურავენ. იმ პლანეტაზე ბევრი მზეა, თუმცა ჩვენ მაინც ხელებს ვუთბობთ ერთმანეთს. მხოლოდ ასე, ერთად გავხდებით უცხოპლანეტელები და აქ ძველ პლანეტაზე ჩვენს კერპებს დავტოვებთ, ჩვენზე რომ ილოცონ ახალ_შეყვარებულებმა. ჩვენს პლანეტაზე წყალი არ გვექნება და ყოველ დილით ადრე ადგომა მოგვიწევს, ბალახის ნამს რომ მიუსწროთ ხელ_პირის დასაბანად. მერე შენ ჩვენს გაშენებულ კენკროვან ბაღში შეხვალ და მწიფე კარამელს დაკრეფ. ჩვენ მთელი დღე ვისეინებთ და გავლილ ნაფეხურებს სინათლის ფერი ექნება. გზად მე მარტივ ყვავილებს დაგიკრეფ, სანამ ჩრდილის მთაზე ავალთ. მერე იქვე ქაღალდის ქვაზე ჩამოვსხდებით, ფეხებს პლანეტიდან გადავყოფთ და ჩვენს წარსულს გავიხსენებთ. შენ თითს გაიშვერ გაყინულ შაქრის მწვერვალისკენ... ჰო, ჩემო კარგო, იქ ახლა ზამთარი დგება. ჩვენს პლანეტაზე სულ სხვა კალენდარი გვაქვს, რომელზეც ერთადერთი თვეა_„ტკბილი ნოემბერი“. იქაურ საათზე დრო სინათლის წელიწადით ითვლება და წამის სიზუსტე ჩვენს ერთად ყოფნას ემთხვევა... მადლობა შენ. უშენოდ ჩვენს პლანეტაზე ვერასდროს მოვხვდებოდი, რადგან თვითონ ყოფილხარ პლანეტის გასაღები. მე იქ სასაცილო ტანსაცმელი მაცვია და მხოლოდ ნადირობა შემიძლია. ამაზე შენც ხშირად დამცინი... მე თვითონაც მიკვირს, ნახევრად ველურ კაცს, ნუთუ ამდენი შეეძლო რომ შენთვის პლანეტა ეჩუქნა? როცა ჩვენს პლანეტიდან ისევ მიწაზე ვბრუნდები, ფიქრიც თან მომყვება. შენ იქ მარტო არასოდეს მტოვებ. დღესაც გიყურებდი ჩუმად როგორ შემოხვედი და ჩემს წამოსვლამდე გამოიქეცი, რომ არ შემემჩნიე. არ დაგავიწყდეს ჩვენს პლანეტაზე ნაფეხურებისგან ნათელი კვალი რჩება და მე ყოველთვის ვამჩნევ შენ როცა იმ პლანეტაზე მსტუმრობ. ტკბილ პლანეტაზე მარტოობის ველური ბუჩქიც ამოსულა. სარეველებს რა მოსპობს ყველგან ედებიან. ოღონდ შენ არ იდარდო, არასოდეს მიხვიდე, არ გასინჯო მისი ნაყოფი. იმ ბუჩქს შოკოლადის ტოტები აქვს და ისეთ თეთრ კარამელებს ისხავს ჩვენს გაშენებულ ბაღშიც რომ არ არის. სურნელი ჩვენს ოთახამდე აღწევს და ტრანსში გვაგდებს მისი გასინჯვის სურვილი, მაგრამ ძალიან გთხოვ, არასდროს მიუახლოვდე... არასდროს...
Subscribe to:
Posts (Atom)