კირტიმალობა ჩემი მოწოდება არ ყოფილა, არც ახლა ვთვლი თავს ასეთად. უბრალოდ ჩემთვის წრესაც კუთხეები აქვს ...
მსგავსი შეხედულებები არასდროს ეთანხმება საზოგადოდ მიღებულ კანონებს, თუმცა ალბათ, არც ეგ იქნება ვინმესთვის ტრაგედია, მე რომ სხვას ვფიქრობ ...
ყოველთვის, ყველაფერში თავშეკავება; სურვილის ჩასრესა სხეულში; ყელში ამოსული, იაფფასიანი ურთიერთობები; გაცრეცილი, უნიჭო სიტყვები; ბედნიერების შიშს სინდრომი და რეალობის გაზღაპრება, უკვე ზღვარს გასცდა ...
ამ ქაოსში, მე შემიძლია ვიცხოვრო ყველას ცხოვრებით, მაგრამ არა ყველასნაირად. უარს ვიტყვი ჩემს თავზე, მაგრამ არასდროს საკუთრებაზე. ბევრს გულს ვატკენ, მაგრამ ყველას ვერა. მოვიშლი სურვილებს, მაგრამ ფიქრს ვერა. ფიქრი ჩემია, საკუთრებაა ...
რაც დრო გადის, მით უფრო ვემსგავსები წარმართთა ბელადს. ახალ სამყაროს ვუშენებ კედლებს და ცოტას თუ ვაძლევ ნებას შიგ შემოხედვის (თუმცა ყველასთვის საინტერესო ისედაც ვერ იქნება იგი). მესმის, რომ არც ისაა სრულყოფილი, მაგრამ ზუსტად ესაა მთავარი, ჩემს სამყაროში სრულყოფილებას არავინ ეძებს და არც არსებულით არიან კმაყოფილი მისი ბინადარნი ...
მე არ ვარ განსაკუთრებული, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, ჩვენთან, შეთხვევით არავინ იბადება. ალბათ მაქვს რაღაც დანიშნულება, ღირებულება. ყოველთვის ჩემს თავს ვეძებ, რომელიც გაწყვეტილ მძივივითაა მიმოფანტული გარშემო მყოფებში და მხოლოდ მე უნდა შევძლო მათი შეკრრება, ისევ ისეთ სრულყოფილ სამკაულად, რომელიც ჩემს დაბადებას შეეწირა ...
ღამე მიყვარს და ამას თითქმის ყველა წერილში ვაღიარებ, ალბათ არც ეს არის შემთხვევითი. სწორედ ღმეა ჩემი სამყაროს განთიადი. არ მესმის, რატომ უნდა მეძინოს ღმით და მეღვიძოს დღისით. აი, ეს არის სწორედ, პრიმატული ჩვევები უკვე საზოგადო კანონთა დონეზე და ასეთი ადამიანები მერე ჩემზე გიჟიაო იტყვიან, თავი კიდევ სამყაროს უმაღლეს არსებებად მოაქვთ ...
პროტესტანტად მართალია ვერ გამოვდგები იმიტომ, რომ ამისთვის საკმარისი ენერგია არ გამაჩნია, მაგრამ უკვე მტკივნეულად მაწუხებს საკუთარი თავი და საზოგადოებისთვის საშიში ვხდები (დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოებას იხმარ, თუ მასას. ეგენი ერთია) ...
ინდივიდები გარიყეს, დაახშეს მათი გონება. არც მე ვარ ისეთი ძლიერი, რომ დიდხანს გავუძლო, მეც მალე მოვრჩები ალბათ ამ ამბებს. მეც მეტყვიან, რომ მეტი უნდა ვიძინო, რადგან უკვე საღად ვერ ვაზროვნებ და დამაჯერებენ იმასაც, რომ ყველაფერი ბავშვული სიგიჟეა, რაღაც სისულელის მტკიცება,რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. არადა ვიცი, ვიღაც კიდევ არის ჩემნაირი, ან უკვე იყო და დავაგვიანე ...
წრე ყველასთვის ერთია, ყველა იმას ხედავს რასაც მე, მაგრამ კუთხეებს ვერ ამჩნევენ. ან უარესი, ამჩნევენ და ჩემზე მეტად ეშინიათ სიმართლის ...
No comments:
Post a Comment