_ პოე, პოე, პოოო...
_ ...
_ სქელუა პო,
რომ იცოდე, მე ისევ ხშირად ვფიქრობ შენზე. გახსოვს, ჩვენ წინა ცხოვრებაში შევთანხმდით,
რომ მომდევნო ერთი ცხოვრება შენ მდუმარედ მომისმენდი და მარტო მე ვილაპარაკებდი. მაშინ
არ მიკითხავს რატომ მეუბნებოდი მაგას? ამბობდი, რომ ასე მოგწონდა და ერთი წუთითაც არ
მოგბეზრდებოდა. შენ დანაპირევი შეასრულე, ეს მომდევნო ერთი ცხოვრებაც გავიდა. ოდესმე
ჩვენ ისევ მოგვეცემა მეგობრობის საშუალება, ოღონდ ამ ცხოვრებაში ნამდვილად ვერა და
მინდა, რომ ახალ ცხოვრებაში იგივე წესით მე ვდუმდე და შენ მოგისმინო. მითუმეტეს, მე
არ მომბეზრდება შენი ენაწყლიანი ბაასი. საოცარი დღე იყო, როცა პირველად მე და მარიმ
გიპოვეთ, ჩემიანია-მეთქი გაუაზრებლად წამომცდა და ბავშვივით ვცმუტავდი. იმ დღეს წიგნის
პრეზენტაცია მქონდა და შენ ჩემი თილისმა იყავი. ჩემთვის ნამდვილი დღესასწაული იყო.
მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის საჭირო დროს და საჭირო ადგილას ხარ. დღემდე იმითაც
ხშირად ვამაყობ, რომ ერთადერთი ცალთვალა წითური თევზი არსებობდა სამყაროში და ისიც
ჩემი სქელუა მეგობარი იყო. იცი, პოე როგორ დაგარქვი?
_ ...
_ ეგ ჯერ კიდევ
მანამდე იყო, სანამ ამ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გაგიცნობდი, ხომ იცი ედგარ პოს როგორც
ვაფასებ? არ მითხრა, რომ გულში არ გეცინებოდა, როცა ჩვენს სტუმრებს ვაჯერებდი, რომ
სასაწაულმოქმედი ოქროს თევზი იყავი. ეგ კიარადა მარი ახლახანს გამომიტყდა, რომ მანაც
დაიჯერა შენი შესაძლებლობების შესახებ და სურვილებს გიმხელდა. ძალიან გთხოვ, მომავალ
ცხოვრებაში მომიყევი რაზე ოცნებობს ახლა ჩემი და. დარწმუნებული ვარ ბევრს ვიცინებ.
შევთანხმდით?
_ ...
_ პო, ნამდვილად
არ მახსოვ ადრე რა გერქვა, მაგრამ ის არ მავიწყდება სულ დამცინოდი იმაზე, რომ ჩემი
ქაოტური აზროვნება უფრო დიდი გაუგებრობაში მხვევდა და მაინც ეს უკვე ხელწერად მექცა.
წითურო პო, იმედი მაქვს ჩემი გესმის და არსად შორს არ წასულხარ. შენგან ვისწავლე, რომ
სხვაზე ზრუნვა ცუდი არ არის და მდუმარე მეგობარი წარმოუდგენელი არ არის.