Sunday, October 12, 2014

Mein Kampf (ოკულტიზმი)

მეფიქრება... ქაოტურად მეფიქრება...
აუთვისებელი ემოციებით ვივსებ გაზულუქებულ სტომაქს და მერე სხვისას ვადარებ. უძღები შვილისთვის გრძნობები მარათონია აღიარებიდან მის უარყოფამდე. არ ნელდება, არ მნებდება სასულეში განთესილი ეშმაკის ქერი. ნოყიერი, ვითარცა განმახორციელებელი პირველსაწყისი სიტყვა.
 ვრძნობ, ახალ იდეას, რომელიც მუცელში მგრაგნის და მოსვენებას არ მაძლევს. გულაღმა წამოწოლილი ვცდილობ მის იდენტიფიცირებას გამოკეტილ ნახევრად ბნელ ოთახში. მხოლოდ მბჟუტავი მაგიდის ნათურა ანათებს ადგილს, სადაც ერთი ცალი თეთრი ფურცელი ფიქრის ტილოდ აფენია და მელოდება... ისიც ჩემნაირად ელოდება უხერხულობის ნაკვალევს, რომელსაც კალმისტარით მელნისფრად შევაწმენდ.
გულზე გამირვალე საფერფლე მისვენია და ახლად გახვეულ სიგარეტის ღერს ბოლოზე უკიაფებს წითელი ვარვარება. ვუყურებ, როგორ ამოდის ჩემი ტუჩებიდან თეთრად შეფერილი სულის ნაწილები და ხარბად იკავებენ ოთახის კიდეგანს. მე ვამღვრევ და აღვაგზნებ სულს, რომ დავიცალო მარტოსულობისგან.
დავეძებ ერთადერთ ჭეშმარიტ მოლეკულას, რომელიც შინაგანი ქაოსიდან კოსმიურ წესრიგამდე მიმიყვანს. თვითნებურად შექმნილ სიმშვიდის იმპერიას გალაქტიკის სუნთქვას მივაწერ და კარგად მესმის, რომ თუ მარტოოდენ დავარღვევ მკვდარი ტრადიციების საზღვრებს აუცილებლად კულტურულ კრიმინალად ვიქცევი, მაგრამ თუ მის გარღვევას შევძლებ ახალი იდეით, ერთადერთი შემოქმედი ვიქნები, ვინც ახალ სამყაროში პირველი შეაბიჯებს და დანარჩენს დაელოდება. მე წავალ ვა-ბანკზე პირველობისთვის.
მიდრეკილი ვარ ახლისკენ, სწრაფვას მაიძულებს შეუთავსებლობა...
აქაო და, მარადიულად განვიცდი კულტურულ შოკს, თითქოს, უცხო ვიყო ყველაფრისგან. მეუბნებიან, რომ ძალიან ვგავარ ჩემს სისხლს და ხორცს, მაგრამ მე ვიცი, რომ კავშირს ვკარგავ მასთან. არ გამაჩნია ღირებულებები, რომლებიც შემაჯვარებენ სხვებთან და ვიტყვი, რომ მეც ისეთივე ვარ!..
ვერ დავიხვეწე იმდენად, რომ თანავუგრძნო ინერციით მიმქროლავ რეალობას, რომელსაც საზრისის მაძიებლები ღმერთთან ერთად ჩაექოლა.
ცოტა უფრო ადრე მეჩვენებოდა, რომ მოვლენების წინსწრება შემეძლო და ამას დიდ ნიჭიერებად აღვიქვამდი, თუმცა დრომ ასეთი უფრო დამიმორჩილა. გამახარბა, გონებით ამოცნობილი ყოველი მომავალი მყისვე აწმყოდ მექცეოდა და უფრო შორს წასვლა მომაწყურა. აწმყოსგან ორი ნაბიჯით წინსწრებას მესამე მოყვებოდა და ჰიპერაქტიურ დროით გზადკეცილზე ერთადერთი სიჩქარით “წინ და წინ!“ მიმაფრენდა.
მე მმართავს ჩემი ინტუიცია და სათანადო ცოდნა არ გამაჩნია. ვგრძნობ, გრძნობადზე მეტს და აღვიქვამ იმას, რასაც ვერ ავხსნი. ვერ დავწერ ვერაფერს, როცა სიტყვები არ მაქვს შესაბამისი.
მე თვითონ არ მჯერა...

უბრალოდ, მეშინია ახალი ცოდნის...    

Tuesday, January 21, 2014

The Rain Catcher

„შაგაობა“ წვიმის ქვეშ ჩემს სტიქიას გავს და ყოველთვის მიმზიდველად ვთვლიდი (იდეურად აღმაგზნებს და იმიტომ). რა მოხდა ჩვეულებრივი მოვლენაა: ზამთარიც, წვიმაც და უვნებელი ფიქრიც.
 მე ხომ ერთ-ერთი ცნობილი „Walking alone“-ელი ვარ (ვხუმრობ, ცოტა თუ მიცნობს ასეთს). ჰოდა, ცოტა ხნის წინ მორიგი „მარშირებისას“ გზად მივხვდი, რომ ცხოვრებაში შესაძლოა წარმოუდგენლად უბრალო რამეებიც კი მოგენატროს...
აი, მაგალითად: ვერ წარმომიდგენია ოდესმე ისე კარგად ვიყო, რომ არ მომენატროს თუნდაც ჩემი უხარისხო მუსიკალური პლეერი, რომელსაც „play lists“ უკვე დიდი ხანია ვერ ვუახლებ იმიტომ, რომ „usb“ სადღაც გამებნა და ეკრანსაც დედა არა ჰყავს. ეგ კიარადა, ჩემი ძველი მობილურიც მენატრება („კ სტაწი“ერთად ვიყავით მანამ, სანამ ხელში არ ჩამაკვდა :)).
ჰო, ეგ ყველაფერი კი, მაგრამ მე კიდევ უფრო სხვა მონატრებაზე მინდა საუბარი...
არ ვიცი, რა მჭირს, მაგრამ ვგძნობ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ (როცა აღსრულდება ჩემი ამქვეყნიური მისია :PPP) მომენატრება ისევ ადამიანად ყოფნა. ამ წამს თუ მკითხავთ, აქ, ჩვენთან არის მთელი კაიფი, აქ არის შეგრძნებების ზღვა და ამბიციური იდეები. მგონია, რომ სადაც არ უნდა მოვხვდე ამ სიცოცხლის შემდეგ მალევე მომწყინდება. შანსი არაა ერთ დღესაც გავძლო ისე, რომ ყოფითმა პრობლემებმა არ შემაწუხოს. ამას აქვს მუღამი.
არ ვიცი რა ქვია ამ წამს, ალბათ ეს არის ის, რასაც ჩვენ „Carpe diem“-ს ვეძახით. ჰო, მე ახლა ვცხოვრობ, ამ წამს ვხდები სიცოცხლედამოკიდებული „homo“. არ ვიცი, სად უნდა ვიყო ისეთ ადგილას, რომ არ მინდოდეს შენთან, შენთან, ან შენთან...
            დარწმუნებული ვარ და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად დავიბადები არაერთხელ. ჩემივე ინიციატივით. მერე რა, თუნდაც იყოს ასეთი მოკლე და იშვიათი წამები, ამ მოსაწყენ და ერთფეროვან ყოველდღიურობაში. მაინც ღირს!
კიდევ მინდა!

სიცოცხლეა ოპიუმი და ეს ჩემი რელიგიაა!