მეფიქრება... ქაოტურად
მეფიქრება...

ვრძნობ, ახალ იდეას,
რომელიც მუცელში მგრაგნის
და
მოსვენებას არ მაძლევს. გულაღმა წამოწოლილი ვცდილობ მის იდენტიფიცირებას
გამოკეტილ ნახევრად
ბნელ
ოთახში. მხოლოდ მბჟუტავი მაგიდის ნათურა
ანათებს ადგილს, სადაც ერთი ცალი თეთრი ფურცელი ფიქრის ტილოდ აფენია და მელოდება...
ისიც ჩემნაირად ელოდება უხერხულობის ნაკვალევს, რომელსაც კალმისტარით მელნისფრად შევაწმენდ.

დავეძებ ერთადერთ ჭეშმარიტ მოლეკულას, რომელიც შინაგანი
ქაოსიდან კოსმიურ წესრიგამდე მიმიყვანს. თვითნებურად შექმნილ სიმშვიდის იმპერიას გალაქტიკის
სუნთქვას მივაწერ და კარგად მესმის, რომ თუ მარტოოდენ დავარღვევ მკვდარი ტრადიციების
საზღვრებს აუცილებლად კულტურულ კრიმინალად ვიქცევი, მაგრამ თუ მის გარღვევას შევძლებ
ახალი იდეით, ერთადერთი შემოქმედი ვიქნები, ვინც ახალ სამყაროში პირველი შეაბიჯებს
და დანარჩენს დაელოდება. მე წავალ ვა-ბანკზე პირველობისთვის.
მიდრეკილი ვარ ახლისკენ, სწრაფვას მაიძულებს შეუთავსებლობა...
აქაო და, მარადიულად განვიცდი კულტურულ შოკს, თითქოს,
უცხო ვიყო ყველაფრისგან. მეუბნებიან, რომ ძალიან ვგავარ ჩემს სისხლს და ხორცს, მაგრამ
მე ვიცი, რომ კავშირს ვკარგავ მასთან. არ გამაჩნია ღირებულებები, რომლებიც შემაჯვარებენ
სხვებთან და ვიტყვი, რომ მეც ისეთივე ვარ!..
ვერ დავიხვეწე იმდენად, რომ თანავუგრძნო ინერციით მიმქროლავ
რეალობას, რომელსაც საზრისის მაძიებლები ღმერთთან ერთად ჩაექოლა.
ცოტა უფრო ადრე მეჩვენებოდა, რომ მოვლენების წინსწრება
შემეძლო და ამას დიდ ნიჭიერებად აღვიქვამდი, თუმცა დრომ ასეთი უფრო დამიმორჩილა. გამახარბა,
გონებით ამოცნობილი ყოველი მომავალი მყისვე აწმყოდ მექცეოდა და უფრო შორს წასვლა მომაწყურა.
აწმყოსგან ორი ნაბიჯით წინსწრებას მესამე მოყვებოდა და ჰიპერაქტიურ დროით გზადკეცილზე
ერთადერთი სიჩქარით “წინ და წინ!“ მიმაფრენდა.
მე მმართავს ჩემი ინტუიცია და სათანადო ცოდნა არ გამაჩნია.
ვგრძნობ, გრძნობადზე მეტს და აღვიქვამ იმას, რასაც ვერ ავხსნი. ვერ დავწერ ვერაფერს,
როცა სიტყვები არ მაქვს შესაბამისი.
მე თვითონ არ მჯერა...
უბრალოდ, მეშინია ახალი ცოდნის...