Sunday, October 16, 2011

კარამელის ხე


მინდა იცოდე, როცა ვერ გხედავ, მე ამ პლანეტიდან გავდივარ სხვა პლანეტაზე. იქ სადაც ცა ნარინჯისფერია და ჩვენს ცაში ვარსკვლავების ნაცვლად მანათობელი ფერადი თევზები ცურავენ. იმ პლანეტაზე ბევრი მზეა, თუმცა ჩვენ მაინც ხელებს ვუთბობთ ერთმანეთს. მხოლოდ ასე, ერთად გავხდებით უცხოპლანეტელები და აქ ძველ პლანეტაზე ჩვენს კერპებს დავტოვებთ, ჩვენზე რომ ილოცონ ახალ_შეყვარებულებმა. ჩვენს პლანეტაზე წყალი არ გვექნება და ყოველ დილით ადრე ადგომა მოგვიწევს, ბალახის ნამს რომ მიუსწროთ ხელ_პირის დასაბანად. მერე შენ ჩვენს გაშენებულ კენკროვან ბაღში შეხვალ და მწიფე კარამელს დაკრეფ. ჩვენ მთელი დღე ვისეინებთ და გავლილ ნაფეხურებს სინათლის ფერი ექნება. გზად მე მარტივ ყვავილებს დაგიკრეფ, სანამ ჩრდილის მთაზე ავალთ. მერე იქვე ქაღალდის ქვაზე ჩამოვსხდებით, ფეხებს პლანეტიდან გადავყოფთ და ჩვენს წარსულს გავიხსენებთ. შენ თითს გაიშვერ გაყინულ შაქრის მწვერვალისკენ... ჰო, ჩემო კარგო, იქ ახლა ზამთარი დგება. ჩვენს პლანეტაზე სულ სხვა კალენდარი გვაქვს, რომელზეც ერთადერთი თვეა_„ტკბილი ნოემბერი“. იქაურ საათზე დრო სინათლის წელიწადით ითვლება და წამის სიზუსტე ჩვენს ერთად ყოფნას ემთხვევა... მადლობა შენ. უშენოდ ჩვენს პლანეტაზე ვერასდროს მოვხვდებოდი, რადგან თვითონ ყოფილხარ პლანეტის გასაღები. მე იქ სასაცილო ტანსაცმელი მაცვია და მხოლოდ ნადირობა შემიძლია. ამაზე შენც ხშირად დამცინი... მე თვითონაც მიკვირს, ნახევრად ველურ კაცს, ნუთუ ამდენი შეეძლო რომ შენთვის პლანეტა ეჩუქნა? როცა ჩვენს პლანეტიდან ისევ მიწაზე ვბრუნდები, ფიქრიც თან მომყვება. შენ იქ მარტო არასოდეს მტოვებ. დღესაც გიყურებდი ჩუმად როგორ შემოხვედი და ჩემს წამოსვლამდე გამოიქეცი, რომ არ შემემჩნიე. არ დაგავიწყდეს ჩვენს პლანეტაზე ნაფეხურებისგან ნათელი კვალი რჩება და მე ყოველთვის ვამჩნევ შენ როცა იმ პლანეტაზე მსტუმრობ. ტკბილ პლანეტაზე მარტოობის ველური ბუჩქიც ამოსულა. სარეველებს რა მოსპობს ყველგან ედებიან. ოღონდ შენ არ იდარდო, არასოდეს მიხვიდე, არ გასინჯო მისი ნაყოფი. იმ ბუჩქს შოკოლადის ტოტები აქვს და ისეთ თეთრ კარამელებს ისხავს ჩვენს გაშენებულ ბაღშიც რომ არ არის. სურნელი ჩვენს ოთახამდე აღწევს და ტრანსში გვაგდებს მისი გასინჯვის სურვილი, მაგრამ ძალიან გთხოვ, არასდროს მიუახლოვდე... არასდროს...

Thursday, July 21, 2011

მოდით, ერთად დავწეროთ „პოსტი“! (ანუ მიძღვნები უცნობ ბლოგერებს)


საუკუნეზე მეტი გავიდა...
ბლოგი არ შეცვლილა, მე-კი...
არადა, ახალი რაღაცეებიც მაქვს, მაგრამ ახლა ეგ არაა მთავარი...
ვიცი, ამას აუცილებლად წაიკითხავ შენ, გოგონა ქოლგიანადან და შენც, უბრალოდ ClockWork და ჩათვალეთ ეს პოსტი თქვენია...
არ მაწუხებს თქვენზე, რომ არაფერი ვიცი. პირიქით სასიამოვნოც კია...
თუმცა წარმოდგენა უკვე შემექმნა თქვენზე...
მეო, ლამაზი სახელი გაქვს. ეკა და შენ მეგობრები ხართ. ბლოგზე კაცი ვერ წაგაწყდებათ, სულ სხვაგან ხართ. კარგია, რომ ფოტოები არც ერთს არ გიდევთ. კარგია, რომ მუსიკა გიყვართ. ეკა თეთრკანიანია, მეოს ღია თვალისფერი აქვს და შეღებილი თმა. აბიტურიენტობა დიდი ვერაფერი ამბავია, იმკურნალებ და გაგივლის :))) ეკას დისსტანდარტიზმი მიმზიდველია. ოღონდ ტექსტებს ინგლისური შრიფტით წერს :))) (“yes ofcourse, I’m alive”-კომენტარზე ახლა გიპასუხე, ჩემი ინგლისურიც სადღაც მანდ იწურება). მეო 120 კილოა, ეკა–30. ასაკი ორივეს შეცვლილი აქვს და გაცილებით უფროსები არიან. მეოს ძაღლი არ უყვარს ეგ წავიკითხე ახლა, მაგრამ სეირნობა_კი (ეგ გამორჩა). მინდვრის ყვავილები უყვარს და სასმელ არ ეტანება. ეკა მხიარულია, ლუდზე დაგპატიჟებდი სიამოვნებით (წესით უნდა გიყვარდეს). თქვენ საერთოდ განსხვაავებულები ხართ და თუ რამე მეშლება კომენტარებს ველოდები :))) 

Saturday, April 23, 2011

ფენიქსის რძე


                უკვე 15_ია, მე_20 თხუთმეთი და მე ისეთს ვერაფერს ვგრძნობ...
                ადრე მიხაროდა, ახლა  ვოცნებობ...
                მე რომ ფრთებით დავბადებულიყავი, ფრენას როდი ვისწავლიდი. ჩუმად დავიჭრიდი, რომ სხვებივით მეოცნება მასზე (ზოგჯერ ოცნება ფრთებზეც ძვირფესია)...
                ჩემთვის ბედი რომ დაეწერათ, მოვკვდებოდი, რათა  ისევ დავბადებულიყავი. ამჯერად ბედისწერისგან თავისუფალი...
                სრულყოფილი რომ ვყოფილიყავი, მაინც ძონძებით ვივლიდი. ვეცდებოდი როგორმე დამემალა, სხვებს არ შეშურებოდათ (გარშემო ისედაც ბევრი შურია)...
                ჩემთან რომ ეცხოვრათ, შევაშინებდი ვუდუს თოჯინის წყეული აზრებით, რომელიც არ გავნებს თუ არ იჯერებ...
                ცოტა მეტი იღბალიც რომ მქონოდა, დონატელო მერქმეოდა. ვიხეტიალებდი იტალიის ვიწრო, ბნელ ქუჩებში და მეტს არაფერს გავაკეთებდი, ოღონდ კი დონატელო მრქმეოდა...
                ჩემთვის რომ მითების შეთხზვა ეთხოვათ. მგზნებარე სატირებით დავიწყებდი და მომხიბვლელ არფებს დავადუმებდი, რადგან (ისინი) მიწიერების აზრზე არ არიან, არადა ბევრი კი დაკარგეს...
                ვინმე თუ მეყვარებოდა, იგი აუცილებლად არამიწიერი იქნებოდა და ჩემს სიყვარულსაც მტვერს გაუბნევდა...
                მესამე თვალიც რომ მქონოდა, ცხადად დავინახავდი რაც იგულისხმა ბუნებამ ჩემში...
                თუ რამეზე ვიოცნებებდი, ალბათ ეს უდაბნოს ქვიშაზე ფთიანი ფენიქსების ხილვა იქნებოდა და ჯადოსნურ რძესაც დავაგემოვნებდი, ანდა ეგვიპტის მივიწყებულ სარკოფაგში უკმაყოფილო მუმიების ლუდღუნის სმენით დავტკბებოდა...
                ლაპარაკი რომ არ მცოდნოდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდი, რადგან ხმის ამოღება ყოველთვის ყველაფერს აფუჭებს...
                ჯობდა, გაცილებით ხისტი, ან მარტივი ვყოფილიყავი. ამით ჩემს თავს დავზოგავდი და „ფენშუის“ მნიშვნელობის საძიებლად სიცოცლის საათებს არ გავხარჯავდი...
მე რომ ის არ ვყოფილიყავი ვინც ახლა ვარ, გავჩუმდებოდი და სიჩუმე მერქმეოდა.
                მეტი რომ მცოდნოდა, ახლა მეტს მაინც არ დავწერდი, რადგან ჩემზე მეტი სხვას ეცოდინებოდა და ერთს გულიანად ჩაიცინებდა ჩემზე.
სიყვარულს სული რომ ჰქონოდა ჯოჯოხეთს შენებას დავუწყებდი, რომელსაც ვიწრო ოთახის ფორმა ექნებოდა, მუდამ ჩაკეტილი ერთადერთი კარით და არც ერთი სარკმლით. სიყვარულს სხეულიც რომ ჰქონოდა, შევაცდენდი. შიშველს გამოვკეტავდი შიგ და მითიური ცერბერივით დავდგებოდი კარიბჭესთან რათა არავინ შემეშვა, მითუმეთეს არც გამომეშვა. სიყვარულს გრძნობები რომ ჰქონოდა აუცილებლად ეყვარებოდა. მე კი მას დავტანჯავდი , იქამდე სანამ ბედნიერებას(თავის  საყვარელს)  არ ინატრებდა.
                ბედნიერებას გული რომ ჰქონოდა, აუცილებლად მოვიდოდა ჩემს კარიბჭესთან. იბრძოლებდა სიყვარულისთვის, ბოლოს კი დამარცხებულიც უკანასკნელ სურვილად ჯოჯოხეთს მთხოვდა, სიყვარულით. ავუსრულებდი მომაკვდავს თხოვნას და ორივეს ერთად დავტანჯავდი, მაგრამ ერთად მათ ვერც სიყვარულს და ვერც ბედნიერებას ვერ წავართმევდი. ჯოჯოხეთური ჰადესივით გულაჩუყებული შეყვარებულ ორფეუსსაც გავატანდი  სატრფოს და ყოველგვარი პირობებისგან გავათავისუფლებდი, ოღონდ კი მათი ტანჯვა მეორედ არ მენახა. მხოლოდ მაშინ, დავუბრუნებდი სიამოვნებით კაცობრიობას წართმეულს. თუმცა ასე როდი ხდება. ბედნიერება ფლიდია, ორპირი და ამპარტავანი. ამიტომაც აძლევს თავს ყველაფრის უფლებას. სიძუნწე და გაუმაძღრობა ემართება მაშინ, როდესაც ღმერთმა განუსაზღვრელი ნიჭითა და სიმდიდრით დააჯილდოვა იგი. მას შეიძლება ყველგან წააწყდეთ, ყოველ დღე, მაგრამ შანსია არც შემოგხედოს, უბრალოდ ზურგი გაქციოს და გვერდით ჩაგიაროს. ეს იმიტომ, რომ თურმე მისთვის შესაფერისად არ გეცვა, ან იმიტომ, რომ შენგან სანაცვლოდ ბევრს ვერაფერს წაიღებდა. აბა დაფიქრდი. შენ ხომ ღატაკი ხარ,იმედის ქოხის“ ეული ბინადარი, სადაც სტუმრები არ დადიან, უბრალოდ ცოტა ხნით თავს აფარებენ და მერე მიდიან. შენ კი შერჩი და შენი გგონია სახლი, რომელიც სადაცაა თავზე ჩამოგენგრევა. უკვე იმედის მეტი არაფერი გაგაჩნია, ამითკი ბედნიერებას ვერასდროს მოხიბლავ.
                რძე არ კლავს წყურვილ, მე იგი მძულს. თუმცა ფენიქსმა სხვა ბევრი მასწავლა...

Friday, April 22, 2011

წრის კუთხე



         კირტიმალობა ჩემი მოწოდება არ ყოფილა, არც ახლა ვთვლი თავს ასეთად. უბრალოდ ჩემთვის წრესაც კუთხეები აქვს ...

         მსგავსი შეხედულებები არასდროს ეთანხმება საზოგადოდ მიღებულ კანონებს, თუმცა ალბათ, არც ეგ იქნება ვინმესთვის ტრაგედია, მე რომ სხვას ვფიქრობ ...

         ყოველთვის, ყველაფერში თავშეკავება; სურვილის ჩასრესა სხეულში; ყელში ამოსული, იაფფასიანი ურთიერთობები; გაცრეცილი, უნიჭო სიტყვები; ბედნიერების შიშს სინდრომი და რეალობის გაზღაპრება, უკვე ზღვარს გასცდა ...

         ამ ქაოსში, მე შემიძლია ვიცხოვრო ყველას ცხოვრებით, მაგრამ არა ყველასნაირად. უარს ვიტყვი ჩემს თავზე, მაგრამ არასდროს საკუთრებაზე. ბევრს გულს ვატკენ, მაგრამ ყველას ვერა. მოვიშლი სურვილებს, მაგრამ ფიქრს ვერა. ფიქრი ჩემია, საკუთრებაა ...

         რაც დრო გადის, მით უფრო ვემსგავსები წარმართთა ბელადს. ახალ სამყაროს ვუშენებ კედლებს და ცოტას თუ ვაძლევ ნებას შიგ შემოხედვის  (თუმცა ყველასთვის საინტერესო ისედაც ვერ იქნება იგი). მესმის, რომ არც ისაა სრულყოფილი, მაგრამ ზუსტად ესაა მთავარი, ჩემს სამყაროში სრულყოფილებას არავინ ეძებს და არც არსებულით არიან კმაყოფილი მისი ბინადარნი ...

         მე არ ვარ განსაკუთრებული, თუმცა ყოველთვის ვიცოდი, ჩვენთან, შეთხვევით არავინ იბადება. ალბათ მაქვს რაღაც დანიშნულება, ღირებულება. ყოველთვის ჩემს თავს ვეძებ, რომელიც გაწყვეტილ მძივივითაა მიმოფანტული გარშემო მყოფებში და მხოლოდ მე უნდა შევძლო მათი შეკრრება, ისევ ისეთ სრულყოფილ სამკაულად, რომელიც ჩემს დაბადებას შეეწირა ...

         ღამე მიყვარს და ამას თითქმის ყველა წერილში ვაღიარებ, ალბათ არც ეს არის შემთხვევითი. სწორედ ღმეა ჩემი სამყაროს განთიადი. არ მესმის, რატომ უნდა მეძინოს ღმით და მეღვიძოს დღისით. აი, ეს არის სწორედ, პრიმატული ჩვევები უკვე საზოგადო კანონთა დონეზე და ასეთი ადამიანები მერე ჩემზე გიჟიაო იტყვიან, თავი კიდევ სამყაროს უმაღლეს არსებებად მოაქვთ ...

         პროტესტანტად მართალია ვერ გამოვდგები იმიტომ, რომ ამისთვის საკმარისი ენერგია არ გამაჩნია, მაგრამ უკვე მტკივნეულად მაწუხებს საკუთარი თავი და საზოგადოებისთვის საშიში ვხდები (დღეს უკვე მნიშვნელობა არ აქვს საზოგადოებას იხმარ, თუ მასას. ეგენი ერთია) ...

         ინდივიდები გარიყეს, დაახშეს მათი გონება. არც მე ვარ ისეთი ძლიერი, რომ დიდხანს გავუძლო, მეც მალე მოვრჩები ალბათ ამ ამბებს. მეც მეტყვიან, რომ მეტი უნდა ვიძინო, რადგან უკვე საღად ვერ ვაზროვნებ და დამაჯერებენ იმასაც, რომ ყველაფერი ბავშვული სიგიჟეა, რაღაც სისულელის მტკიცება,რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. არადა ვიცი, ვიღაც კიდევ არის ჩემნაირი, ან უკვე იყო  და დავაგვიანე ... 

         წრე ყველასთვის ერთია, ყველა იმას ხედავს რასაც მე, მაგრამ კუთხეებს ვერ ამჩნევენ. ან უარესი, ამჩნევენ და ჩემზე მეტად ეშინიათ სიმართლის ...

Thursday, March 3, 2011

დამინახე შიშველი



            იქედან გამომდინარე, რომ ყველას გვიზიდავს სიშიშვლე, გთავაზობთ დავიწყოთ გახდა...
ოპს... STOP…
გამაკვირვე მეგობარო, შენთვის გახდა სექსია?!  გაგიბრაზდებოდი, მაგრამ ჩემთვისაც ეგრეა : ) ცუდია, კარგია არ მაინტერესებს. ასეა და მორჩა!..
არა, დღეს არავითარი სექს სეანსი არ გვექნება!  თან ეგ უინტერესო თემაა. დამღალა ამდენმა სექს რევოლუციონერებმა, სექს პათოლოგებმა, სექს „ბომბებმა“ და ტრანს სექსუალურმა ავადმყოფებებმა (ყველამ საკუთარ „ტ“–ს მიხედოს). ვიღაცისთვის იყოს საზოგადოებრივი მოვლენა, ჩემთვის პირადულია...
ჰო, ახლა დავუბრუნდეთ თემას და მიწაზე დავებერტყოთ. სოფელში დავიბადე. ისე ქალაქია, მაგრამ მირჩევნია სოფელი ერვას. იგი სოფელზე დიდია და ქალაქზე პატარა. შუალედური კი არაფერი მიყვარს. ამჟამად თბილისში ვსწავლობ...
მმმ... სიყვარული?!
სიყვარულით „მყვარებია“, მაგრამ  უნარი არ მაქვს, გამოხატვა არ შემიძლია. ალბათ, იმიტომ, რომ  ავად ვარ. სპეციფიური დაავადება, რომელსაც მე „სიყვარულის აღქმის უნარის უკმარისობას“ ვეძახი(გრძელიცაა და არც ვიცი რამდენად გამართულია). წესით, ბევრი უნდა მიყვარდეს, მაგრამ რად გინდა  უგრძნობი ვარ. თუ მკითხავენ მეც ვიტყვი მიყვარს მამა, დედა, და, მეგობარი, ჩემი ძაღლი მეთქი, მაგრამ რომ დავძებნო ვერ მივაგნებ სად მიყვარს, როგორ მიყვარს, ან რამდენად მიყვარს. იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული ასეთია: „ მიყვარს, თუ რა თქმა უნდა არ მძულს“. ჩემი და ძილის წინ ყოველთვის შუბლზე მკოცნის, მე კი მხოლოდ მაღიზიანებს ასე რომ იქცევა. ალბათ იმიტომ, რომ მისი უნარის მშურს. მე კი უუნარო ვარ და მსგავსი სურვილიც არასოდეს გამჩენია. მაწუხებს, როცა დედა პატარასავით მეფერება და მოშორებით, მარტო ვიჯდე მირჩევნია. ამ თავისებურებას ვერაფერს ვუხერზებ...
გონება მთლიანად გადართულია უცნაურ ფიქრზე და გარედან უყურადღებობას გავს ყველაფერი. ელემენტარული, მე მავიწყდება ყველას დაბადების დღე (მათ შორის ჩემიც. თუ გინდა ნუ დაიჯერებ), ამიტომ მილოცვა ყოველთვის იწყება ბოდიშით. წელს ჩემს მონათლულსაც ორი კვირის დაგვიანებით მივულოცე(მაპატიე დემ...) და მე კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ უფრო გვიანაც შეიძლებოდა  გამხსენებოდა... : )
მე თვითკმაყოფილი „გრეშნიკი“ ვარ, რადგან მაქვს „odnoklassniki“. აქამდე მხოლოდ მე და რამდენიმემ ვიცოდი, რომ  რძე ძროხისგან „მოიპოვებოდა“ და არა რძის ფხვნილისგან(ესეც ერთგვარი „გრეხი“ ყოფილა თურმე). არ დავდივარ დახეული კედებით. საუბრისას იშვიათად ვხმარობ სლენგს, იმიტომ რომ იშვიათად ვლაპარაკობ. მიყვარს ზამთარი ჭუჭყიანი თოვლითაც. დღისით მძინავს და ღამის ცხოვრება უფრო მიზიდავს. საშიშიც ვარ, როცა საფრთხე ჩემს კუთვნილებას ეხება. მანდ არავის დაეთმობა ჩემგან  საზღვრების ამბავში. არ ვოცნებობ ლიდერობაზე, თუმცა მომწონს როცა ვინმესთვის ჩემი სიტყვა რამეს ნიშნავს. ვერ ვიტან აფერისტებს და მაინც შეყვარებული ვარ ნიჭიერ აფიორაზე. მინდა პირადაპირ ვუთხრა რამდენიმეს როგორი „კვერცხია“, მაგრამ მათი გაჭირვებაც ეყოფათ. ვერ ვმეგობრობ ჩემნაირ ტიპებთან, მითუმეტეს უთქმელად მესმის მათი. მაღიზიანებს კრიტიკა, თუ მოკლე არ არის და ჭკუას მარიგებს...
სისულელე?
იიფ... რამდენიც გინდა. არა, ვიტყუები. სისულელეები არასდროს მიკეთებია. არც ხიდიდან გადამიფსამს, არც მანქანის საქარე მინზე გამიკრია გომბეშო, არც შურისძებით მისვრია რაფიელისთვის ის ქვა, არც ინდაური მომიკლავს ჩანგლით, არც თოფის სროლა არ ვიცი და მეზობლის ძაღლს სამიძნეში როგორ ამოვიღებდი?! ჰო, მე არ ვიცი ვინ ქნა, სუფთა ვარ და არცაა საჭირო დიდი ხნის საიდუმლოებების ახლა გაშიშვლება. თორემ პასუხის გება არც ახლაა გვიან მეზობლის ძაღლის ჩაძაღლებისთვის. ღირსი იყო, ძუკმნა!..
ცხოვრებაში ყველაზე კარგად რაც გამომდის ირონიაა, იშვითი სარკაზმიც და ძოგჯერ სანანებელი მიხდება (ოღონდ, სინდისის ქეჯნა აქ არაფერ შუაშია). მხოლოდ იმიტომ, რომ რატომ უარესი ვერ მოვიფიქრე მეთქი. ზემოთ ვთქვი ლაპარაკი არ მიყვარს მეთქი, მაგრამ ვერ ვიტან სხვები, რომ დუმან და საზოგადო დუმილი მაიძულებს მე რამე ვთქვა (ეს ერთი ფსიქიკური მუშტი), მერე საუბარს რომ მაწყვეტინებენ (მეორე მუშტი) მაშინ და ყველაფრის პიკია, როცა აღმოვაჩენ რომ ვიღაცას თურმე ჩემი აზრის გასაგრძელებლად, ან უარესი, განსავრცობად გავუჩერებივარ (აი, მაშინ „ერხევა“ ყველას)...
ახლა ამ ნაწერს თავიდან გადავხედე და მგონი ზედმეტად თვითდაჯერებული, ეგოისტური პოსტი დავწერე, მაგრამ შეჩვეული ვარ ასეთი ვჩანდე. ბებია მეუბნება „ყეყეჩი ხარ შენ შვილოო“ და ეჭვიც არ მეპარება, რომ მართალია (თუმცა არასდროს დავინტერესებულვარ მისი მნიშვნელობით)...
მე  მაცინებენ შეფუთული ადამიანები, რომლებიც რაღაცას მალავენ და სანაცვლოდ ვითომ უკეთესს აჩენენ...
მე მიყვარს სიშიშვლე...

Wednesday, March 2, 2011

გზავნილი სიზმრებს



                ამბობენ, ადამიანი ყოველთვის იცავს რაღაც საიდუმლოს, რომელსაც მთელი ცხოვრება ინახავს და ვერავის უზიარებს. დღემდე მეც მქონდა ასეთი საიდუმლო, უცნაური ჩვევა ბავშვობიდან, როცა მზე ჩადის წერილს ვწერ სიზმრებს ...

            მერე თვალებს ძლიერ ვაჭერ ერთმანეთს, ვითვლი 10-მდე და მე დავიძარი, ცხადად ვხედავ მას ...

            ჩემი სიზმრები ყოველთვის ცივია, იქ ჩემთან, წვიმაზე _ სველი წვიმები და თოვლზე _ თეთრი თოვლი იცის. ყოველთვის ზამთარი. დროდადრო ისმის მშვიდი მელოდია. მე მარტო არა ვარ, ვართ ორნი, მე და გოგონა მეზობლად ...

             უცნაურია, სახელი დღემდე არ ვიცი ...

            ალბათ ემა?_ალბათ  კი არა, ნამდვილად ემა ერქმევა მაგ სილამაზეს ... 

            მან იცის ჩემზე. იცის, რომ მარტო არ არის, თუმცა ჩემი სახელი არასდროს მითქვამს ...

            არც მას უკითხავს ...

            განა ყოველთვის აუცილებელი როდია ვინმეს სახელი იცოდე ..?

            ვგრძნობ, ისიც რეალურია, რომლითაც ვერ კმაყოფილდება, ჩემს მსგავსად გაურბის მას და ისიც  წერს სიზმრებს...

            იქ ისე ახლოა, მისი სუსტი ამოსუნთქვა, სისხლის მოძრაობაც კი, ხმაურით ჩამესმის. ყურაღებით ვუცქერ, როცა ბაღში თავის საყვარელ  პოლას, ასეირნებს. ზოგჯერ მიუშვებს და ნებას აძლევს თავხედს ფეხებთან ახლოს იტრიალოს დაუსრულებლად ...

            პოლა ძაღლია, რომელსაც გვერდიდან არ იშორებს ...

            მგონი არ მითქვამს, მას ჩემგან განსხვავებით ზაფხული უყვარს, მის ეზოში ახლაც იასამანი ყვავის და ჩაის ვარდის  მათრობელა სურნელი ტრიალებს ...

            მე ხშირად ვზივარ იმ თაღოვანი ხიდის ჯებირზე, რომელიც ჩვენი სახლებიდან კენტად გამომავალ გზებს აერთებს, ხიდს იქით ყოველთვის ზაფხულია, აქეთ ზამთარი, ხიდის ქვემოთ კი პატარა ნაკადული უხმოდ მიიპარება. მე მას კოლიბროს ვეძახი (ზომების გამო), იგია ჩემი მესაიდუმლე, მას ვუყვებოდი ყველაფერს ჩემზე ...

            აი, მგონი მორჩნენ თამაშს, პოლო წინ გარბის როგორც ყოველთვის, უკან კი მიყვება ემა, აუჩქარებლად, ნელი ნაბიჯით. არ დავუნახივარ, თუმცა იცის, რომ თვალს არ ვაშორებ და თითქოს მასაც უნდა უსასრულოდ გრძელდებოდეს უცნაურად უცხო, სასიამოვნო პრელუდია ...

            იცის და არ იმჩნევს ...

            იცვლება მშვიდი მელოდია, უკვე ის არ არის რაც იყო ...

            იგი თვალს ეფარება, ცოტა ხანს ასე ვდგავარ გაშეშებული, ბოლოს ვხვდები, რომ უკვე აქ არაფერი მესაქმება, უნდა წავიდე, რათა ხვალ ისევ დავბრუნდე...

            შემდეგ ყველაფერი ფერმკრთალდება და მესმის ჩემი მაღვიძარა როგორ ღრიალებს. უკვე მესამეა, რომელიც წყლიან ჩიქაში შურისძიების მიზნით მოვათავსე და მეოთხედაც სიამოვნებით მოვიქცეოდი ასე, ახლოს ჭიქა რომ მეგულებოდეს, მაგრამ რას იზავ, ყოველთვის არ მიმართლებს, დღეს მისი დღეა ...

            გამახსენდა რომ თევზაობას ვაპირებდი, ბიჭებს დავპირდი ადრიანად მე თვითონ გაგაღვიძებთქო და არ იქნებოდა ლამაზი, პირობა დამერღვია, ისინი ხო არ იცნობენ ემას.

            თევზაობამ ჩვეულებრივ ჩაიარა, თუმცა დღეს ნაკლები სიამოვნება მივიღე, მოგვიანებით მეგობრებთან ქუჩაშიც ვიყავი, თუმცა მხოლოდ ვიყავი და მეტი რა გითხრათ...  კითხვა_პასუხის რეჟიმი წარმატებით გავიარე და მათ ხუმრობებზეც მორჩილად ვიცინოდი, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო სიცილი. მოსაწყენი დღე როგორც ყოველთვის სწრაფად მირბის და ჩემთვისაც ღამე დგება ხოლმე. ღამე, რომელიც უკვე ყველაფერია ...

            ცასაც ბინდი მოეკიდა, ის დროა წერას შევუდგე. ასეც ვიქცევი ყოველ ჯერზე და როცა ამას ვაკეთებ, ჩემთვის გაუცნობიერებლად მეფიქრება მასზე...

            ვინ იცის, იქნებ ახლა სადღაც აქვეა, ან ცხრა მთას იქით და ახალ გზავნილს წერს ...

            წერს ჩემთვის ...

            ნეტავ ჩემი ნახვა ისევ უნდა ..?

            როგორც ჩანს უნდა, მე ისევ ვხედავ მას ...

            ალუბლისფერი კაბა აცვია, მუხლებამდე რომ წვდება ისეთი, მტრედისფრად მოხატული ... ვგრძნობ, მასთან, ახლა საამო ნიავია, რომელიც მომავალს კაბას მოკრძალებულად აკრავს ვიწრო ფეხებზე.

            დღეს შეუდარებელია...

            მერე,  მარტო რატომ ..? პოლო სადღაა...?  მგონი, ის არც სასეირნოდ გამოსულა...

            სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ჩვეულებრივი დღე არ უნდა ყოფილიყო და მე რაღაც ისეთი მელოდა...

            უკვე შევამჩნიე, რომ იგი იმ კენტ გზას ადგა, რომელსაც თაღოვანი ხიდი ჩემს კენტ გზასთან აერთებდა, მე კი ჯებირზე ვიჯექი,როგორც ყოველთვის და სულს უხერხულობით ვივსებდი ...

            განა ამაზე არ ვოცნებობდი? განა ყოველთვის ეს არ მინდოდა? წესით ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ...

            არა, არავითარი მაგრამ ასეც იყო, მე ბედნიერი ვიყავი. იმდენად ბედნიერი, რომ მტკიოდა ...

            სრული სიბრმავე...

            შემდეგ გაურკვეველი ნაცისფერი წერტილები, უკვე სილუეტი და ისიც, ჩემს წინ იდგა და ელოდა ...

            ელოდა თვალებს, რომლებმაც დაუგვიანა ...

            და მეც შემაწუხა ჩემს მიერ შობილმა უხერხულობამ ...

            გამოვერკვიე  და მივხვდი, რომ უკვე მის უზომოდ ლურჯ თვალებს ვხედავდი ...

            არაფერი მითქვამს, ან რა მქონდა სათქმელი ..?

            ისიც არაფერს ამბობდა, ან მას რა ჰქონდა სათქმელი ..?

            არაფერზე ვფიქრობდი და თავი გაჭედილი მქონდა ფიქრებით, სიტყვები მასკდებოდა და არ ვიცოდი რისი თქმა შემეძლო ...

            მშვიდი მელოდია ახლა გამოერთოთ ...

            _იცი, მე შენთან ძალიან მომწონს ...

            უცებ ეს სიტყვები ამომიტივტივდა გონებაში, ნუთუ ეს ისაა რაც მე უნდა ვთქვა ახლა? ეს მე მოვიფიქრე?

            _მე მართლა მომწონს შენთან...

            აი, კიდევ ისევ ეს ფრაზა, მაგრამ ჩემს ხმას რომ არ გავს? აბა ვისია? ღმერთო ჩემო, ნუთუ ...

            ვიცანი, ეს ემა იყო და გული ბრაზით ამევსო, რატომ მე... მე ვერ ვუთხარი პირველმა, იგივეს ხომ მეც ვფიქრობდი...

            _ ვწუხვარ ...   მე უნდა წავიდე ...

            საზიზღარი ფრაზა, ჯოჯოხეთური ლექსიკონიდან, რომელსაც დღემდე ვერ ვიტან ( „შენგან მივდივარ“ )...

            _ კი მაგრამ მეც მომწონს შენთან ...  მერე მე ..? მე ხომ შენს მეტი ... არავინ ..?

            ჩემი სიტყვები ერთ მტკივნეულ ნასკვში გაიკვანძა ...

            _ვწუხვარ, მეც არ მინდოდა, მაგრამ პირობა დავდე, არასოდეს მივწერ სიზმრებს ...

            _ანუ ...? ვერასოდეს.. გნახავ ..?

            _ვწუხვარ ...

            მთელი სხეული ნაწილებად ჩამომეშალა, როგორც წვიმაში ბავშვის აგებული ქვიშის კოშკები იშლებიან. თავს ვერ ვუყრიდი სიტყვებს, მინდოდა ერთად გამეგო ყველაფერი ...

            _ კი მაგრამ რატომ? (ძლივს ამოვკონე სიტყვები)

            არააა...   ჯანდაბააააა...  ჯანდაბააააა... (ვღრიალებ, ჯერ კიდევ ბოლომდე გამოურკვევი სიზმრიდან)

            როგორც ყოველთვის ჩემი მაღვიძარა გულისგამომღრნელად ზრიალებს, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ვერ გადამირჩება და იგი გახდება მსხვერპლი ნომერი ოთხი. ჯანდაბა, ჭიქაც ცარიელია, როდის გავცალე არც მახსოვს,  სიბრაზისგან გული ტოლეადორთან გამოკეტილ ხარივით მიცემს, რომელიც ალბათ გასკდება, თუ რამე არ მოვიმოქმედე.  უეცრად, ჩემი მაღვიძარას ხმა შეწყდა, ზიზღით ვუყურებდი ნაწილებად  როგორ გაიშალა ჩემს პირდაპირ, თეთრ კედელზე.

            ისიც მახსოვდა, რომ დგესაც უნდა გვეთევზავა, ნეტა რისთვის მინდოდა, რას ავიტეხე ეგ თევზაობა (თავი მძულდა) ...

            მერე არაფერი მახსოვს, ვეცადე დამეძინა და სიზმარს დავბრუნებოდი, იქ მე  ემა მივატოვე ...

            იმ დღეს სათევზაოდ არ წავსულვარ, როცა გავიღვიძე ბიჭებს ბოდიში მოვუხადე, თუმცა არაფერი ამიხსნია და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი...

            სიზმარი ცხადია არ გაგრძელდა, ლოგინზე გაუნძრევლად ვიწექი და არაფერზე არ ვფიქრობდი, უბრალოდ ვიწექი გაშეშებული, შემდეგი ორი დღე სახლიდან არ გავდიოდი. ვიწექი, არ მეძინა, ნეტავ ვინმემ იცოდეს რა გრძნობა იყო ეს... მწყუროდა, მშიოდა, მესუნთქებოდა იმ სიზმრის გაგრძელება, რომელიც დღემდე არ გაგრძელებულა ...

            მე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, მე ხომ ის მივატოვე...  ის ჩემთან მოვიდა დასამშვიდობებლად, მე კი მივატოვე...  ვერც მიზეზი გავიგე, რატომ..?

            დღემდე ამაზე არ მისაუბრია არავისთან, ვინ იცის იქნებ ახლაც გიჟად ჩამთვალონ, მაგრამ თავის დაცვაც შემიძლია, ვიტყვი რომ ფანტაზიაა და მეტი არაფერი ...  მე ის დავკარგე რაც ჩემი არასოდეს ყოფილა, მაგრამ იმაზე ძვირფასი რაც გამაჩნდა ...  

            ისევ მენატრაბა მშვიდი მელოდია, რომლის მსგავსიც აქ ჯერაც ვერაფერი ვიპოვე. ვარდის სურნელი, რომელიც მხოლოდ მის ბაღში ხარობდა და აღწევდა ჩემამდე ...

            მე მენატრება ემა და მინდა, რომ მასაც ასე ვენატრებოდე...
           
            ნეტა მართლა თუ ვენატრები..?

            იმედი მაქვს ოდესმე ისევ შევხვდები, მაგრამ ეს სიზმარში ნამდვილად არ მოხდება, ვარღვევ და გავთქვამ სიზმრებთან მწერლობის საიდუმლოს ...

            მე მას აუცილებლად ვიპოვი, უმისამართოდ, გაუკითხავად და მაშინ აუცილებლად მიპასუხებს, რატომ...?




               

მეცოდება ადამიანი



         დროსთან ერთად ცოტავდება სიყვარულიც...
         ზოგჯერ რჩება მხოლოდ სიბრალული...
         თვალწინ იცლება ქვიშის საათის ზედა სფერო და ივსება ქვედა. მოძრაობით იწყება სიცოცხლე...
         სიცოცხლე მშვენიერია, თუმცა დაობდა გარემო ...
         ყველაფერს, გარშემო,  ერთფეროვნების მყრალი სუნი ასდის...
         ყველამ "აბორტი" გაიკეთა სიახლეებზე და ვერც ვერავინ მშობიარობს ახალს...   
"გაუპატიურებული" და "მძაძე" იგივეობა, ცხოვრების აზრი ხდება...        
         ადამიანი, ადამიანში დაეძებს ღმერთს. ვინ იცის, იქნებ იპოვოს...
         დროსთან ერთად მტვრიანდება სიწმინდეც...
         დგება მომენტი როცა ღმერთს ვეღარ გრძნობ საკუთარ არსში, სადღაც გებნევა, ან  თვითონ კარგავ დაუდევრობით. თითქოს არაფერს აშავებ და მაინც  იმდენად მძიმე სულთ დადიხარ, რომ ხედავ როგორ მოიწყვე აქ შენითვე ჯოჯოხეთი. რატომ?  რა ჯანდაბისთვის? მხოლოდ ეს კითხვაღა გრჩება შენეული. პასუხებს ეძებ და ვერც იპოვი...
         მარტო, თავს ვერასდროს უშველი და ამიტომაც გჭირება ვიღაც, ვისთვისაც დრო არაფერია, პასუხები შეუზღუდავი და მოსმენის ნებისყოფა უსაზღვრო...
         ჰო,ასეთი ადამიანები არ იბადებიან, ასეთი მხოლოდ ღმერთია, რომელიც ერთია და მიუწვდომელი...
         ბავშვობისას, ალბათ, ყველას გვქონია შემთხვევა, როცა უშედეგოდ ვცდილობდით გვესაუბრა ღმერთთან, ან სადმე თვალი მოგვეკრა მაინც.  ვბრაზდებოდით როცა არ გვეპასუხებოდა და ვერა გაგვეგო რა. მერე კი ისე დავეცით,  რომ უკვე ადამიანებისგანაც ვერ ვღებულობთ სასურველ პასუხს და ეს არც გვაკვირვებს. ერთ ჩვეულებრივ ამბად აღვიქვამთ. არა და, არ უნდა იყოს ასე. გვაწუხებს იმის შეგრძნება, რომ ჩევენში ადამიანის წილი წინაზე უფრო მეტია, ვიდრე ღმერთის და მგონი სულ ასეც იყო.  ვიღაც "მე" კი, რომელიც ჩვენში სახლობს და ჩვენად ვაცხადებთ. შეიძლება სულაც არ მოგვწონს, მაგრამ ხშირად მასთან ბრძოლის, შეგუებას ვარჩევთ.
         როცა მნიშვნელოვანის, ან სასიკეთოს გაკეთება გვინდება, ისიც იშვიათად, მხოლოდ სურვილად ვტოვებთ და თავს არ ვიწუხებთ მისთვის...
         მარადიულობას დავეძებთ და ვერ მივმხვდარვართ, ამით სიკვდილს რომ ვნატრობთ (მოკვდავები ვარ ცოტა ხნით, იქამდე სანამ სიცოცხლე გვყოფნის)...
         დროსთან ერთად იცვლება შეხედულებები...
         მოჩვენებითია რეალობა, მოჩვენებითი...
         ცდები, თუ გგონია რომ იცის რა არის ბედნიერება...
         მაინც ვერაფერს გაგაგებინებ თუ გეტყვი, რომ უბედური ხარ იმასთან ვისთანაც თავს ბედნიერად თვლი. სიყვარული? არა, არც სიყვარულია ბედნიერება. ცრემლი არის ბედნიერება. ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ როცა იტანჯები. როცა გტკივა ბედნიერი ხარ, ოღონდ ვერ ხვდები და სხვა სახელს არქმევ. არ გეგონოს დროსთან ერთად წინ მიდიხარ. მითუმეთეს რომ დრო უკუთვლითია. თუ ოდესმე წინ წასულხარ ახალ გზაზე, აუცილებლად შეამჩნევდი ტალახზე შენს საწინააღმდეგოდ მოძრავ შენსავე ნაფეხურებს და მიხვდებოდი, რომ აქ უკვე ბევრი გივლია...
         რომ შეიძლებოდეს, ფურთხს გავატანდით ყველაფერ ცუდს და მერე..? მერე..? თუმცა რა აზრი ექნებოდა, მერე ისევ იგივეს ჩავიდენდით. ალბათ, ისევ ფურთხით ვეცდებოდით თავის შველას, მერე ისევ...ისევ... და ისევ... ასე გაგრძელდებოდა, სანამ ჩვენსავე ნანერწყვალში თვითონვე არ ჩავიხრჩობოდით (დაგეთანხმებით, საზიზღარია რეალობა)... .
         არ ვიცი ვისთვის როგორია ეს ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის ერთი ღამეც კი საკმაოდ ბევრია იმისთვის რომ დავიტანჯო, რომ ვთქვა მეყო აღარ შემიძლიათქო...
         დროსთან ერთად შეიცვლება ყველაფერი...
         მეცოდება ადამიანი, მეცოდებით მე თქვენ!!!