Monday, February 28, 2011

რომ არ არსებობდეს „მაგრამ“



            ვხედავდი როგორ მოატყუა სოფლიდან ჩამოსული შავებიანი დედაბერი ბაზრის „გომბეშო“ ვაჭარმა, მაგრამ ახლოს არ მივეკარე. სამართლიანი იქნებოდა ყბა გამელეწა მაშინვე იმ „ძონძროხა“ ქალისთვის, მაგრამ არც ავღელვებულვარ. რა ჩემი საქმე იყო? არც ერთს არ ვიცნობდი, არც მიკითხავს ვინ იყნენ, რა უნდოდათ, მაგრამ ერთი კია, ისე გამაბრაზა იმ „გამოპრუტუნებული“  დედაბერის სიჩერჩეტემ, რომ მას უფრო სიამოვნებით შევუნჭყრევდი დაპატარავებულ, ამომშრალ ტვინს. დედაბერი ზურგით იდგა და ასეთი ზიზღი, ალბათ, უფრო ამ უკულტურობამ გამოიწვია, რადგან ზურგშექცევა უზრდელობაა. თორემ ახლა სხვა მიზეზს ვერ ვხედავ ჩემი გაბრაზებისა (გარდა მისი დაძვალული, შეუხედავი ზურგისა). მოხუცს აწონილი ტკბილეული მიაწოდეს, მაგრამ იმდენი არა რამდენიც გადაახდევინეს და კარგადაც მოექცნენ. ღირსი იყო და იმიტომ. ხელი არ უხლია ცელოფანში ჩალაგებული ტკბილეულისთვის, მაგრამ მისი „მსუნაგი“ გამომეტყველება  ყელში დანთებულ ნაკვერჩხალზე დენთივით ეღვრებოდა ზემოდან. მეგონა, ერთი სული ჰქონდა როდის გაირბენდა იმ ადგილს, მიეფარებოდა თვალს და სადმე ხამივით ჩახეთქავდა უკბილო კონკიანი, მაგრამ ამისთვის ძალა არ ყოფნიდა. იქაურობას მორჩილად გაეცალა. არავითარი პრეტენზია მოპარულზე, ვერც შეამჩნია...  დამჭნარ დედაბერს გულზე დიდი ღილი მიეკრა (ოჰ, როგორმე თვალი არ ეცეს მეთქი, გავიფიქრე) და თვალი გულგრილად ავარიდე...
ამ პატარა შემთხვევით შეიძლება დიდი სისულელე ჩავიდინე, ან უფრო მეტი შევცოდე, მაგრამ ჩემს ადგილზე ყველა ასე მოიქცეოდა და ეს ცოტას მამშვიდებს. ვისი რა საქმეა ვინ ვის ატყუებს. მოიტყუა და შეერგოს, მაგრამ ტყუილი ჯერ არავის შერგებია...
            შავებიან დედაბერს მარტო მე არ დავცინოდი თურმე. სამყაროც ჩემ მსგავსად მასხრად იგდებდა. ისე ექცეოდა როგორც სახედარს, რომელსაც ტვირთს კიარ უნაცვლებენ ზუგზე, პირიქით მთელი ცხოვრება ამატებენ და ამატებენ. აქამდე გაეძლო, მაგრამ  მისი უშნო ზურგი მეტს ვერ აიტანდა. აგვისტოს ომში დაღუპული შვილის სურათი გულთან ეკიდა მე კი ღილი მეგონა. თვალები ცრემლით გაბერვოდა. ალბათ, ტირილი მისთვის შვება იქნებოდა, მაგრამ ვერ ტიროდა. მოხუცს ცოცხალი არავინ დარჩა გარდა ობოლი შვილიშვილებისა(მაიკოსა და თეკლასი)  და ლოგინად მწოლიარე რძალისა, რომელიც ბოლო მშობიარობისას დამბლით დაავადდა. ჩემი მოძულებული მოხუცის „მსუნაგი“ თვალები, კი სულაც არ იყო შესაძული, რადგან ისინი მოფარებულს კიარ ეძებდნენ ტკბილეულის „ჩასახეთქად“, არამედ სოფელში შვილიშვილებთან ეჩქარებოდა, ძალიან ეჩქარებოდა...
            მე ვთქვი ტყუილი არავის  შერგებიათქო და ამაზეც შემიძლია პასუხი გაგცეთ. ახლა მეც მოვიტყუე და მინდა ამისთვის მეც დავისაჯო, რადგან ვთქვი არც ერთს არ ვიცნობდითქო, მაგრამ  „ძონძროხა გომბეშოს“ ჩემზე უკეთ არც ერთი იქ მყოფი არ იცნობდა. გაუთხოვარი მამიდა ნატო მთელი ცხოვრება ჩვენთან ცხოვრობდა.  მე თავისი ხელით გავეზარდე და სულ თან მყვებოდა, სანამ ერთ დღესაც საკუთარი სურვილით გამყიდვლის სამუშაო არ იპოვა ერთ–ერთ მაღაზიაში, მაგრამ ისე ჩაითრია ვჭრობის ხელოვნებამ, მალე საკუთარი გახსნა და მას შემდეგ იქ მუშაობდა. მის დახლებს პატარ–პატარა ტყუილები ავსებდა და ტყუილივე ცლიდა მანამ, სანამ საბედისწერო შეცდომა არ დაუშვა და ყველაზე დიდი ტყუილი არ თქვა. უფრო სწორად ქნა. ცხოვრება თავის თავს კი პატიობდა დედაბრის დაცინვას, მაგრამ მამიდას არ აპატია. იმ შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ  ვიღაცას მუხრუჭი ამოუწყდა საბურავზე, ვიღაცამ კი უადგილოდ გადაიბინა გზაზე და...
            ჰო, ორი დღე... მხოლოდ ორი დღე აპატია ცხოვრებამ და მერე გომბეშოსავით გაჭყლიტა. დღემდე მძულს იმ ორ დღეში მამიდას მოტანილი ყველა ტკბილეული, რომელიც ორცხობილაზე უფრო ტყუილს გავდა, მე მძულს მისი ბედნიერი გამომეტყველება როცა ამ ტყუილებს ხარბად იყრიდა პირში და ჩვენც გვაძალებდა. მახსოვს, ერთხელ ნათესავი გვესტუმრა  და საერთოდ როგორც ხდება ხოლმე ისე გააბეს ბაასი, მაგრამ ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში ნატო და მოსული ქალბატონის საუბარი იყო. როცა სტუმარმა მამიდას კითხა მაღზიის შესახებ, თუ რას ყიდიდა. ნატომ უპასუხა ტყუილებსო. პატარა, მაგრამ ფასიან ტყუილებსო. პასუხი მხოლოდ მე მეუხეშა, სტუმარმა კი უინტერესოდ გაუღიმა და სხვა თემაზე გადავიდა... ნატო ცუდად იქცეოდა, მეც ვიცოდი, მაგრამ მამიდა ერქვა და უნდა მყვარებოდა. დღემდე უნდა მყვარებოდა და ასეც არის. აღსარება, რომელიც მან ვერ მოასწრო მე გავთქვი და მინდა მეც დავისაჯო, რადგან შემთხვევით არავის უწყდება მუხრუჭები, არც შემთხვევით გადარბიან უდროოდ გზაზე და არც შემთხვევით აწყდებიან ისეთ საბედისწერო ამბავს, რომლის შეცვლაც შესაძლებელი იქნებოდა მე რომ ჩავრეულიყავი. ის ტყუილს ჩემთან ერთად არასოდეს იტყოდა. უბრალოდ ვერ მხედავდა, რადგან მოშორებით ვიდექი და მოხუცის წასვლის შემდეგ მეც წავედი .ისე, რომ არც ვუნახივარ მამიდაჩემს...
            იმ დღეს მე ბევრი რამ შემეძლო, მაგრამ...
მოხუციც უფრო დაკვირვებული რომ ყოფილიყო, მაგრამ...
            მაგრამ...
            მაგრამ...
მაგრამ...
            იცით, რა? რომ არ არსებობდეს „მაგრამ“ ცხოვრება მაინც გაგრძელდებოდა და ჩვენ ვიტყოდით „თუმცა“–ს.  „მე ამას ვიზავ, თუმცა...“, „მართალი ხარ, თუმცა...“,  „მიყვარხარ, თუმცა...“. ხომ ხედავთ „თუმცამ“ ყველაფერი გააფუჭა, რადგან  „მაგრამ“–ისგან არაფრით განსხვავდება და ასე სიამტკბილობით ექომაგებიან ერთმანეთს მთელი ეს დრო...
            რას ვერჩი „მაგრამ“–ს ?
            „მაგრამ“ ღალატია და მას ვერ იტანდნენ მეფეები, რადგან მლიქვნელთა იარაღია. „მაგრამ“–ს არ უყვარს სიმართლე და ყოველტვის გაურბის მას. „მაგრამ“–ს როცა ვამბობ ვცოდავ. „მაგრამ“ ღმერთს არ შეუქმნია(მასაც ჩემსავით ძულს). იგი ადამინში თავისით ჩაისახა და ცოდვასთან ერთად მიწაზე დაბერტყებულმა ფეხიც მყარად მოდიგა ჩვენს უნდობლობაში, უპასუხისმგებლობაში, უნებისყოფობაში, უსინდისობაში, უსამართლობაში და უზნეობაში. „მაგრამ“ სიყალბეა და მას ღმერთი არ მიიღებს ლოცვაში, გალობაში, ქადაგებაში, თუნდაც აღსარებაში...
            „მაგრამ“ კერპივით ძლევამოსილი და ჩამოუშლელია. მიწიერ სიწმინდესავით მავნე და ვნებიანი. „მაგრამ“–ის კულტი ყველამ გულთბილად მიიღო და ჩვენც ყოველ ნთქვქმს ლოცვასავით სულ ვაყოლებთ „მაგრამ... მაგრამ... მაგრამ...“.  ყველაზე წმინდას გულით ვიფიცებთ და გონებაში „ვფიცავ, მაგრამ...“ ეს გვიტრიალებს. მერე ერთ დღესაც ისე დაგვცლის ჩვენი კერპი, რომ ჩვენს სიტყვას ფასი არ ექნება, ფიცს დამაჯერებლობა და ბოლოს ისევ შენისთანა სიტყვის მათხოვარი გეტყვის „ შენი მჯერა, მაგრამ...“ (მაგრამ არავინ გიჯერებს)
            ახლაც რომ გაქრეს „მაგრამ“, თქვენ ჩემსას მაინც არ დაიჯერებთ...        

Thursday, February 24, 2011

ჩემს ბლოგზე ბაითი შენია ავთანდილ. ოღონდ, მხოლოდ ერთი დღით....



მოკლედ,

 არ მინდოდა „გილოცავ“ მეთქვა.  უკვე ისედაც ბევრი დაგიგროვდა :) ...

 მინდოდ ისევ უნამუსოდ დამვიწყებოდა, რომ დღეს დაიბადე და ვინმეს გაეხსენებინა, თუნდაც შენ (მომწონს დანაშაულის გრძნობა) ;)...

 არ მინდოდა მიმეწერა სადმე იმისთვის, რომ მერე უბრალოდ გენახა: „ნახე გილოცავს ძმისგული, ახსოვხარ.“ ( გულსმირევს სიტყვა „ძმისგული“, ნეტა რატომ?  მგონი, ეგეც შენი ბრალია J)...

 მინდოდა ქალთან წამეყვანე, მაგრამ ჩემს ფეხებს, ამჯერად მარტო მოგიწევს :)...

 არ მინდოდა დღეს ბლოგი მეპოსტა, რადგან  მერჩია ლუდი, „ვოტკა“, „სუხარიკი“ და შენი ვითომ განსწავლულის დარიგება :)...

 მინდოდა შენთვის საოპერაციო კურდღელი მეჩუქა, მაგრამ რაფომ ბაყაყს მე ვჩუქნიო და გადავიფიქრე(აბა, გვამს მე ვერ გიშოვი) :)...

 არ მინდოდა  ჩემი მეგობარი მე დამსგავსებოდა და შენ თევზი ხარ, მე მშვილდოსანი :)...

 მინდოდა  ბევრჯერ მომეკალი, მაგრამ შენი  სასაცილო წითელი „პლავკა“ (გიჭერდა მგონი, შე სექსუალურო კაცო) :) და ზვიადიზე მიჩუქებული სათვალე მაკავებდა, რომელიც შენ თვალწინ გააჩუქა :)...

 არ მინდოდა  ვადა გასული პრეზერვატივები, მაგრამ მაინც მაჩუქე. გმადლობ, არ დაგივიწყებ :)))...

 მინდოდა ციფრული 2 დღით მეთხოვა შენგან, მაგრამ...  მაგასაც არ დაგივიწყებ, მე უკეთესს ვიყიდი (გასკდი გულზე) :)...

 არ მინდოდა თმები გაგეზარდა, მაგრამ ყველას ჯინზე ეგეც ქენი და შუა ქუჩაში რუსულ სიმღერებზეც იცეკვე. იმ დღეს მე3–ჯერ შემრცხვა შენი :)...

 მინდოდა ვინმეს ჩემს თვალწინ გაეგდე, მერე მე რომ დაგხმარებოდი, მაგრამ არა უკუღმართია ცხოვრება, კაცის ცემაც არავის უნდა უკვე :)))...

 არ მინდოდა შენი ასაკი გაგემხილა ზოგან და შენ ვინმეს რამეს აცლი? მანამდე გითქვამს. იდიოტო! :)...

 მინდოდა ზღვაში დამეხრჩე, მაგრამ ცურვა კარგი გცოდნია და მეორედ ეგ არ გიშველის, თუ კიდე „გამათრევ“ შორს  ნაპირიდან :)...

 არ მინდოა  შენი თითების შველა იმ დღეს კარავში რომ გაგეჭედა, მაგრამ ბიძაშენის მომერიდა, თან აზრი არ ქონდა მე თუ არა ის მაინც გიშველიდა. თორე ხელს არ გავანძრევდი :)...

 მინდოდა  უკეთესი მეგობარი მყოლოდა, მაგრამ შენსავით მაინც ვერ გამიგებდა (ეს, ბოლოს მოვიტყუე) :)...

 არ მინდოდა  ჩემზე მაღალი ყოფილიყავი, ზატო მე შენზე უფროსი ვარ :P…

 მინდოდა შენი „კარლსონები“  სხვებსაც ენახა. აბა, მარტო მე და ირაკლი ვერ დავიტევთ მაგხელა საიდუმლოს :)...

 არ მინდოდა  მოსალოცი ტექსტი გამომსვლოდა და მგონი, მართლა გაგაბრაზე. ასე, რომ  დღეს  შეგიძლია სიბრაზე ლუდში ჩაკლა კარლ :)...

 მინდოდა ეს ტექსტი გაგეკრიტიკებინა. Marell მოგხედავს შენ :)...

მხოლოდ marell დამიფარე მე ... :)

Monday, February 21, 2011

დიაგნოზი "გამოგიტარებული"



                ვბრაზობ იმიტომ, რომ მეც მომწვდნენ...

                მეც შემაძულეს...

                მერე  და  როგორ მიყვარდა...

                ამ ზაფხულს სწავლასაც კი ვაპირებდი. თან ფულს ვაგროვებდი საკუთარი რომ მეყიდა, მაგრამ ახლა..?

                არა, გმადლობთ...

                მაღაზიის ვიტრინაშიც არ შემიძლია მისი ყურება...

                მძულს ყველა დიდი და ცნობილი პროსპექტი ჩვენს ქალაქში...

                მე აქ ამცრეს და სამუდამოდ "ანტი_გიტარინი"  შემიყვანეს სხეულში.

                როგორ?

                მარტივად...

                გადიხარ გარეთ. ყოველი მეორე გიტარით ხელში, ან  ზურგზე. ასეთების დიდ ნაწილს არ ესმის რა დანიშნულება აქვს ამ ნივთს იმის გარდა, რომ  აიკრა და ატარო. ვინც ამდენს ხვდება იმან დაკვრა არ იცის და მოსწონს სეირნობა გიტარასთან ერთად. იშვიათია ისეთები ვისაც უყვარს, იცის და უკრავს კიდეც...

                 არიან ისეთებიც ვინც გიტარას ებყრობიან როგორც ქალს და მათი დაკვრაც ერთგვარი პრელუდიაა ვნებისა და მუსიკის...

                არა, ასეთი ჯერ არ გავმხდარვარ, მაგრამ ...

                ცუდი ის არის, რომ „გამოგიტარებულ“ ადამიანებში ვერ გამირჩევია კარგი და ცუდი  და შევიძულე. შევიძულე ერთნაირად...

                რატომ?..

                შენს თავს კითხე, როგორ უნდა შეიყვარო „გამოგიტარებული თაობა“, რომელსაც იშვიათად თუ რამე აინტერესებს და ისიც მხოლოდ სექსუალურ წრეს არ ცდებ, მაგრამ ამასაც ვაპატიებდი, კედებიც რომ არა...

                კედი?

მგონი, დროა სანაგვეზე მოვისროლო. თუმც, არ მემეტება...

როცა ამას ვიზავ, იმიტომ კი არა რომ სხვამ ჩაიცვა ისეთი, როგორიც მე ან რაღაც მსგავსი. არა, უბრალოდ ყველა კედს მძუძე მოედო ჩემთვის და მე მის მოშორებას არ ვაპირებ...

კედი როგორც პრეისტორიული მონუმენტი, ისე დაძველებულა ამ ადამიანების ფეხზე...

                განმეორება, მიჩვევა, ჩვევა ყოველთვის ცუდია. ძიება, სიახლე, უცხო ყველაფერზე წინ დგას. ძალიან კარგის განმეორებას, ნაკლებად კარგის შექმნა ჯობია. ჩვევა არასოდეს არის კარგი, მასში ყოველთვის იგულისხმება მავნე და ცუდი. ჩვევა სისუსტეს გავს. ეჩვევი და ვერ ივიწყებ, ძალა არ გყოფნის მიატოვო. ნერვები, დახეული ნერები ჩვევებია. ნერვები რომელსაც ვერ იმორჩილებ სისუსტეა. ყველაფერი სისუსტეა რასაც წინააღმდეგობას ვერ უწევ. აღიარებაც სისუსტეა. გაჩუმებაც სისუსტეა. შეგუებაც სისუსტეა. უკონტროლობაც იგივეა…

                მე მინდა კონტროლი ვისწავლო და ამას დღეიდან დავიწყებ...

Sunday, February 13, 2011

სამი წერტილი უფრო მეტს ნიშნავს...




მე არ ვარ კაცი რომელსაც მარგალიტებად ცვივა სიტყვა, მაგრამ გემო კი ჩაეტანება იმას რასაც ვამბობ...

ჩუმად იყავიო!

ვითომ და რატომ? მე ხომ შემიძლია ლაპარაკი ბევრ სხვაზე უკეთ.

არა, დაჯექი და წერეო!

არ მინდა არც თქვენი წერა. წერა მაგიჟებს, მამდურებს, მართმევს, უკან კი არაფერს მაძლევს. ვწერ და ვშორდები ახლობელს, სათქმელს და ვაიჰ... ვიკარგები... წერა ჩემი წერააო მე არ ვიტყოდი, მაგრამ რაღაც მსგავსი, ალბათ, კი. წერა მავსებს და წერა მართმევს. ზოგჯერ მენატრება, მერე თავს მაბეზრებს. მძულს, რადგან მიყვარს. ასე რომ მიყვარს...

საპნის ბუშტებივით თავს დამასკდა ოცნების ბურთი....

ხშირად დღიურს გადავშლი, ცარიელ ფურცლებს დავყურებ. მინდა რაღაც დავწერო. ძალიან მინდა წერა. მაგრამ არაფერი გამოდის. შეუძლებელია საკუთარ თავს რამე აიძულო, თუ მას არ სურს. ერთხანს მაინც ვუყურებ ცარიელ ხაზებს, რომელიც სავსეა. ვიცი, რომ აუცილებლად შეივსება, მაგრამ როგორ? როდის? რაღაცას ვიწყებ მოუხელთებლად. აზრს ვწყვეტ. გადავიკითხავ, აღარ მომწონს, ვშლი, კარგად ვამუქებ დაწერილს, ბრაზიანი გული რომ ვიჯერო. ერთხანს თვალს არ ვაშორებ ფურცელს. ვიღლები ამ იდიოტური მდგომარეობით და ვბრაზობ, ოღონდ არ ვიცი ვისზე, ან რაზე. თუმცა ვიცი, ვერ ვიტან როცა რაღაც მინდა და არ გამომდის. სიბრაზით კი იმაზე ვბრაზდევბი ამას ვინმე, რომ უყურებს. ამ შემთხვევაში ჩემი თავი მაბრაზებდა, რომელიც ხელებში მომჩერებოდა, მე კი წერა არ შემეძლო. არ მინდოდა ჩემი სისუსტე საკუთარი თავისთვის მეჩვენებინა. ვიცი, მერე ისიც დამცინებდა. კალამის წვერს ძლიერად ვარჭობდი ფურცელზე,  ალბათ, მინდოდა გახეულიყო და შემდეგ უგულოდ ვხურავდი. შიგნით კი წერტილი რჩებოდა. მუქი მრგვალი წერტილი, რომელიც ნაჩხვლეტს გავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაიარევს ემსგავსებოდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ასეთი ნაიარევი დაგროვებულა ნაწერ ფურცლებზე. დახურულ რვეულს სადმე მივაგდებდი და მე საწოლზე ვწვებოდი.

გაშეშებული, მწოლიარე სადღაც მივარბენინებდი შერცხვენილ სხეულს, ნისლში ვქრებოდი და რაღაც უცხო სამყაროს ვხედავდი. სადაც არაფერს არ ჰქონდა სხეული, არ არსებობდა მატერია... სამყარო და ისიც დაწერილი მხოლოდ იქ არსებობდა და მეც ვკითხულობდი გულამომჯდარი. იქ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და თავისებური ახსნა ჰქონდა. მეც იმ სამყაროში ვიყავი ჩაწერილი, თუ მიწერილი...
მე იქ ვეწერე და იცით რა მერქვა? _იღბალი. ჰო, იღბლიანი ვიყავი, რადგან მე შემიშვეს იქ სადაც არავის უშვებენ, ან მხოლოდ ერთეულების ხვედრია...

თურმე, ყველაფერი იწერება რასაც ვაკეთებთ. თავიდან კი სიტყვებად ყრია. საწერი მარაგი ყველასთვის თანაბარია, მაგრამ ტექსტს მხოლოდ ჩვენ ვკრებთ, წინადადებებს ვადგენთ და აზრებად ვაწყობთ. მიღებული კი ჩვენი ცხოვრებაა, ისტორია და ის ბედისწერა, რომელიც ჩვენმა ხელებმა დაწერეს უხილავად ყვითელ ფურცელზე...

მაშინ არც მე წამიღია სხეული. ვიჯექი და ვკითხულობდი სამყაროს, მინდოდა ბევრი მომესწრო, ყველაფერი წამეკითხა, მაგრამ ვიცოდი შეუძლებელი იყო...

ინდიელებს მიაწერენ ერთ ლამაზ გამოთქმას: „სიბძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო.“

ცხოვრებას კოდექსი აქვს და მე ის მოვპარე. ოდესღაც კი უსასყიდლოდ არგუნა განგებამ ადამიანს (მაშინ ჯერ კიდევ ადამიანები გვერქვა). ახლა ის მე მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს კიდევ ვინმეს ვაჩვენო. პრომეთე არ ვარ კაცობრიობას ვალად გადავცე რამე. არც გმირი ვარ და ყორნებს ვერ ვიტან...

ჯერ გამოჩნდა დედა აჩრდილი და თვალებში ჩამხედა, მერე გარს შემოერტყნენ პატარა ჩრდილები, რომლებიც ნელ–ნელა იზრდებოდნენ, თან კიდევაც მრავლდებოდნენ და ვგრძნობდი, როგორ იკავებდნენ ჩემს ადგილს.  ამას აკეთებდა ჩემი ცოდვები. ცოდვილი ბუნება(გონება) მეტს ვერ ხედავდა, გარდა ჯოჯოხეთური ურჩხულებისა და ნახევარსახიანი აჩრდილებისა, რომლებიც სხეულს ბოჭავდნენ და სადღაც ექაჩებოდნენ...

სურვილმა მაინც მძლია, დანერწყვით გადავშალე ჩემი ცხოვრების პირველი გვერდი. არაფერს ვეძებდი უბრალოდ ინტერესი მკლავდა. თან შიშით თვალს ვერ ვახელდი, რადგან ჩემივე თავის მეშინოდა. მოლოდინიც გამართლდა. შიგ ცოტა მეწერა და იმასაც მიწის სუნი ასდიოდა. გაკრული ხელით დაწერილი მახინჯი სიტყვა ზოგან გაუმართავ აზრებს ტოვებდა. ხელით შევეხე ჩემს მიერ ნათქვამ ბიწიერ სიტყვებს, რომლებიც უკვე ჩამეწერა საკუთარ ბედისწერაში. ვიგრძენი, ბასრი ზედაპირი ჰქონდათ.  წვეტიანი ისრებივით დაქროდნენ გარშემო და ჩემს აკუწვას ლამობდნენ. ეს იყო სამსჯავრო, თუგინდ ჯოჯოხეთი ერვას. მე კი ცოდვების წინაშე ვიდექი, რომლებიც ადრე თუ გვიან თავისას მაინც გაიტანენ და დამასახიჩრებენ. ოღონდ ეს ჯერ არა.  გასაკვირია, უვნები გადავრჩი, თუმცა  არ ვიცი როგორ...

ყველაზე დიდი ცოდვა სიტყვა ყოფილა. როცა სიტყვების მარაგი არსენალად გექცევა და საკუთარი მიზნებისთვის პირველ ბრმა ტყვიას ისვრი. იცით, რა დანიშნულება ექნება თითოეულ შემდეგ ფრაზას, ან  აზრს?  კაცის კვლის... ჰო, ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვები ძალადობენ სხვებზე, რყვნიან და მოუშუშებელ ჭრილობებს ტოვებენ...

გაუფრთხილდით სიტყვებს. ისინი არ ქრებიან. იწერებიან...

მე ამ ყველაფერს არც თვალით, არც გონებით არ ვხედავდი. ვგრძნობდი და რეალობა გრძნობა ყოფილა...

მერე გონს მოვდიოდი და ვხედავდი წერტილს. მუქ წერტილს, რომელიც უკვე იარას გავდა და ხაზები სავსე იყო ასოებით, ნაჯღაპნებით და აზრებით. გამართული აზრებით. აზრებით, რომლებიც სულს ატარებდნენ, ოღონდ სხეული არ ჰქონდათ. ვერც ვიხსენებდი რვეულს როდის ვშლიდი და როდის ვიწყებდი წერას. არა, გადმოწერას, იმიტომ რომ მე მათი მოფიქრება არ შემეძლო, ისინი არსებობდნენ და მე მათ ვიწერდი...

ვიწერდი, მერე „რაღაცა“, „რაღაცა“ რა სამი წერტილი...

სამი წერტილი უფრო მეტს ნიშნავს...

დონორი +18

                ნაბიჯს არ გადავდგავთ საზღვრებს გარეთ, გრძნობას არ გავამხელთ დროზე ადრე. გვემართება ისეც, რომ ძილში ვღალატობთ საკუთარ პრინციპებს, გავურბივართ სხეულს და ვიპარებით საყვარელი ქალის ოთახში. რათა მძინარეს მივუსწროთ, თვალი შევავლოთ შიშველ სხეულს და დავტკბეთ...
                ყველა ადამიანი "კომპრაჩიკოსია" საკუთარი სულის. ვამახინჯებთ მას, ჩვენი წარმოდგენებით, ვითომ და ლამაზი ფანტაზიით. ვერ გადაგვიწყვეტია გრძნობა უფრო მეტია ჩვენში თუ გონება. სული, თუ სხეული?  პასუხი ჯერ არ არის, ან არის რომელიც დოგმებს არ ცდება და ყოველთვის სარწმუნოებამდეა დასული.
                თავიდან არ ვეძახით საკუთარ თავს  "მე"_ს, ამას დროთა განმავლობაში ჩვენ თვითონ ვირქმევთ...
                სიცოცხლე დაბადებით არ იწყება. ბავშვვი მხოლოდ უწყინარი არსებაა, ცარიელი, სარკის მსგავსი, რომელიც ნებისმიერ გამვლელს ირეკლავს და ადამიანად მხოლოდ მაშინ იბადება, როცა დაიწყებს ფიქრს. ფიქრი უკვე ადამიანურია, რითაც გამოვირჩევით ყველასგან. მერე მოდის საკუთარი თავის ძიების პროცესი, რომელიც არასდროს სრულდება და იწყება ადამიანური ცხოვრება უძირო ფიქრით და დერვიშული ძიებით...
                სამყარო წარმოუდგენლად დიდია, მაგრამ უსასრულო და განუმეორებელი ვერ იქნეაბა. შეუძლებელია, საგნები და მოვლენები არ მეორდებოდეს.  ვინაიდან არ არსებობს დასასრული დასაწყისის გარეშე და არსებული საზღვრების გარეშე... უშედეგოდ ვცდილობთ, ცხოვრებას თამასში ავუწყოთ და მერე ჩვენი წესებით განვაგრძოთ. ასე რთულია...
                 ჩემს ასაკში ვეღარ ერთობიან  ქარის წისქვილებთან ომით და უფრო მეტს ითხოვენ საკუთარი თავისგან...
                ინვენტარით შევსებული სული ამინისტიის მოლოდინშია და ჩნდება უცნაური სურვილები, თავის რეალიზებისა...
                მაგალითდ სურვილი_ "მკვლელობა"...
                მკვლელობის სურვილი ცოტა მოგვიანებით ჩნდება. რაც ყველას ემართება. ყველა ადამიანი მკვლელია, მე ეს ვიგრძენი დღეს და შემაწუხა. ამისთვის საინტერესოა, ერთი შეხედვით უწყინარი მაგალითის გაანალიზებაც. როცა მონადირე იარაღით ხელში სანადიროდ მიდის, მაშინ რა ხდება? მკვლელს აღვიძებს, თუ ცდილობს მკვლელობის სურვილი ჩაიკლას თავში და მოთხოვნილება ასე დაიკმაყოფილოს? (ამაზე პასუხი თვითონ გაეცით)...
                უსუსურობა ყველაზე მეტად მაშინ გვაწუხებს, როცა სიძლიერეს დავეძებთ საკუთარ თავში და ვცდილობთ, რაღაც დავამტკიცოთ, ვინმეს დავუმტკიცოთ...  არა და ამ დროს, უსასრულობაშიც კი შეზღუდული გეჩვენება საკუთარი თავი.
                მე არ მჯერა რეინკარნაციის , მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში, ალბათ კი. შეცდომა იქნა დაშვებული ჩემი დე-მატერიალური არსების ტრანსფორმაციაში. იმიტომ რომ საკუთარი თავის რწმენა არ მეკმარება. ადამიანებში კი მთავარია  რწმენაა. იგია ღმერთი. თუ ადამიანს ჯერა სულის მარადიულობის, მაშინ მისთვის ასეც იქნება. ცხოვრება სიკვდილის შემდეგაც გაუგრძელდება. თუ სწამს მხოლოდ მიწიერების, ყველაფერი იქ დასრულდება სადამზეც რწმენა ეყოფა. ვინც ხშირად ფიქრობს მარტოობაზე, იგი მარტო რჩება. ვისაც სასწაულის ჯერა მისთვის იგი აუხსნელი რჩება. სკეპტიკოსები კი ყველაფერს ახსნას უძებნიან, რადგან არ წამთ და ა.შ.
                ვაღიარებ, მე ნახევარი ვარ, ვიღაცის ნაწილი. ამიტომ ყოველთვის მაკლდა სხეულიც, სულიც, თავიც და რწმენაც. ნაწილებად დაშლილს მსურს ერთ მთლიანობად სისავსე... ჰოპოთალამუს ამოჭრილი დავეხეტები დონორის მოლოდინში, რომელიც არა და არ გამოჩნდა (" ჰიპოთალამუსი"_ჯირყვალი სადაც სულია კონცენტრირებული რენე დეკარტეს თანახმად). ამ ფონზე კი ნებისმიერი ჩემი აზრი ხელოვნური ჩანს, სერიოზულობა_ხუმრობა,  ქცევა_უაზრო და ნათქვამი_არასაიმედო...
                მაკვირვებს ლოკოკინა, რომელიც ტოტზე სამს გადის და ერთს ჩამოდის...