იმ ღამეში იყო რაღაც ვნებიანი ჩალისფერი, ყინულის მსგავსიც. ცრა და ელვა შორეულ კუთხისა. წვიმებისგან ატალახებულმა ცამ მტრედის ფრთებივით გადაუფრინა საყაროს და შეგუბდა შორეული ცის კედელზე. ნაძარცვი გარემო, უფერულებით...
უცნაური გრძნობა ამედევნა ქუჩის ძაღლივით და მთელი დღე სულს უყეფდა...
თანაბარი ნაბიჯებით ავუყევი აღმართს. მინიატურული შენობებით გარემოცულ ვიწრო ქუჩებს....
შებინდებისას ნახევრად ცარიელი ქუჩები, გაჟღენთილი ბეტონის ფილაქნები, გრძელი შავი ტროტუარები და ჯერ კიდევ უხამსად მანათობელი ყვითელი ლამპიონები. მოდელიანზე ძვირი მეჩვენა...
ქუჩის ბოლოდან, მიტოვებულის კნავილი და მბჟუტავი ლამპიონის სერენადა, მისტიურ ტოპობს ქმნიდა...
წვიმებისგან იორსულა მიწამ და დასველდა...
ღამე, მოვიდა მთვრალი...
ღამე მთვრალი და მე ნამთვრალევი...
ნაქორწილარი ღამე. ღამე ნათევი მთვარე. მთვარე, დაღლილი მთვარე...
დაეხეტება ღამე...
მაღლა გამწყლალი მთვარე...
არ მოასვენა ღამე...
ღამე, გათიშეს მთვარეც...
შავი ქოლგით კავალერი ქალს აცილებს სახლში. წესისამებრ, მერე იყო პატიჟი და ჩაი, კოვზ ნახევარი შაქრით...
* * *
ჩაის შემდეგ ბოდიში და ცოტა ხნით მარტო ოთახში დატოვება...
სიშიშვლე, სიცივე და შვება შხაპის მდუღარე ორთქლით. ზამთრის ნამდვილი ნეტარება...
წვეთების შიშინი, საწრეტურის ღრიალი, ხელიდან დამსხდარი საპნის უსიამოვნო ჭყლაპი, ეს ის გრძნობებია, რომელსაც აბაზანა შიგნიდან ვერ იტევს და უხეშად გამოანტხევს ხოლმე დანარჩენ სამყაროზე.
ყურადღება გაქცეული იქითკენ და ჩაკეტილ კართან უხერხულად ატუზული თავხედი ყურთასმენა...
ჩემით გამოწვეული უხერხულობა და საკუთარი თავის სიწითლე ჩემივე თვალებით დანახული...
ჩაკეტილ სივრცეში დარჩენილი მარტო მე და ყვითლად ბრაზიანი მთვარე...
მცირე ხანიც და ყველაფერი მიწყდა. სირცხვილის საათს გაქცეული ყურთასმენა სამალავს ბრმად დაეძებდა,
ჩემგან ისევ თავშესაფარს ითხოვდა...
ყრუ მოძრაობა და კარის მიჩქმალული ხრჭიალი...
სიგნალი ჩემი მოკლე, მაგრამ უძირო ლოდინის დასასრულის...
ერთი სული მედგა, სანამ ისევ შევხედავდი და უკვე ის ერთი სულიც მოეკლა უცნაურ შიმშილს. ძალიან მინდოდა, თან მრცხვენოდა სურვილების, რომლებიც პირანიებივით მიგლეჯდნენ სხეულს. ჩემი შებრძოლება კი მადას უფრო აღუძრავდა მათ გაღორებულ მუცლებს...
გამოსულს ის ოთახი უნდა გაეარა, სადაც მე ვიყავი...
თავს ვებრძვოდი, მაგრამ ის უფრო ძლიერი აღმოჩნდა...
აბაზანის ხალათში გახვეული ქალის წმინდა სხეული, ალბათ, ჯერ კიდევ ნამითა და სისუფთავის არომატით გაჟღენთილი შიგნიდან. ბოლომდე გაუშრობი სველი ვარცხნილობა გარეთ და შიშველი ფეხებით დატოვებული მაცდური კვალი (აბაზანიდან–საძინებლამდე). კვალი, რომელიც იმ პირანიებს გავდა თითქმის რომ დავნებდი...
უსიტყვოდ ჩამიარა, თითქოს არც ვარსებობდი. თავის ოთახში შევიდა და განმარტოვდა. სხვა დროს ამას ვერ ავიტანდი, მაგრამ ახლა სხვა იყო. ცხვირში მიძვრებოდა ვნების სურნელი. ვგრძნობდი ნაკვალევს სითბო როგორ შერჩენოდა. მისი არ ყოფნით მეც დრო ვიხელთე და ბავშვივით ნაბიჯების თვლა დავიწყე. არც ვიცი, რისთვის მინდოდა…
მცირეოდენი დრო ( 15 წუთი)...
ოთახის მიღმა ძახილი მომესმა. თავიდან პირანიის მსგავსი მოჩვენება მეგონა, მაგრამ ისევ განმეორდა, თან უფრო გარკვევით:
_ შეგიძლია შემოხვიდე...
უკვე თავს მშვიდად ვგრძნობდი, თითქოს სველი ნაკვალევის თვლაც ჩემს დასამშვიდებლად გამომეგონა. კარი ფრთხილად გავაღე და ზედმეტი რიდის გარეში შევედი.
ის სარკესთან იჯდა და თმას იშრობდა. ისევ ხალათი ეცვა(ოღონდ აბაზანის არა, ამჯერად საძინებლის), შიგნიდან თხელი ალისფერი სარაფანი. სავარძელზე კი არ იჯდა, შემოცუცქულიყო და მოკეცილი შიშველი ფეხები მკერდზე მიეკრა...
* * *
მსგავსი, ალბათ, ბევრის ცხოვრებაში ხდება, მაგრამ ასეთი არა...
იყო თვალები, რომელიც მხოლოდ მე მხედავდა და სუნთქვა, რომელიც მხოლოდ მე მეკუთვნოდა. იყო ცეცება, თრთოლვაც მისი თხელი ტუჩების, ერთმანეთს შეუმცნევლად რომ აშორებდა ისეთი და ისიც გაფითრებული სახით მიახლოვდებოდა. ეს არ იყო უბრალოდ კოცნა, დღეს არც თრთიან და ფითრდებიან უბრალო კოცნისას. ეს მეტი იყო, მან ეს იცოდა და ეშინებდა...
ეშინოდა სურვილის, რომელსაც ვერ მართავდა ცხოვრებაში, ალბათ, პირველად...
გამოუცდელობა დაეტყო...
ჩვენზე ბრაზობდა და ყვიტლდებოდა მთვარე...
მან ის შენიშნა და ისიც ოდნავ გაწითლდა. იგრძნო თვალთვალი, გამიღიმა, წამოდგა და სასწრაფოდ ფარდა ჩამოუშვა...
მერე მიყურებდა...
მივხვდი, გამოსავალს ჩემგან ითხოვდა...
მეც პირდაპირ ვკითხე:
_ თუ მეტყვი წავალ...
ჩვეულებრივზე გრძელი წყვეტა...
_ არა, გთხოვ... დარჩი.
თვალები ისევ მე მიცქერდნენ, ჩემები იყვნენ. მერე ისევ ნელა დაიძრნენ და ჩემს სიახლოვეს შეთქმულსავით ერთდროულად დაიხუჭნენ...
იგი მართლაც მშვენიერი იყო, მისი ჭორფლიანი ცხვირი(რომელსაც რატომღაც მარტო მე ვამჩნევდი) და გაშლილი თმა, რომელიც „სამყაროს ტილოს“ ბოლომდე სრულყოფდა...
ვერ ისვენებდა ღამე...
ჩვენ დაგვეძებდა მთვარე და მაინც გვიპოვა...
ნაპრალი, ფარდებს შორის დარჩენილი მცირედი სივრცე...
მთვარე ეძებდა სამზერს...
იპოვა და ისევ თვალი დაგვადგა...
მას არც ეგ გამოპარვია, მაგრამ არ შეიმჩნია. უფრო მაგრად მომეხვია...
მერე, გავთიშეთ მთვარეც...
ჩალისფერი უფრო გაცივდა...
სიბნელით გამურული ჩვენი სილუეტები, ჯერ ოდნავ შორდებოდნენ, მერე შიშვლდებოდნენ და ისევ მჭიდროდ ეკვროდნენ ერთმანეთს…
სიყვარულით გაწეპილი ტუჩების ლამუნი და მიბჯენილ ცხვირთა შორის, ერთადერთი გამჭოლი სხივი...
მისი სავსე და სრულყოფილი სხეული...
სხეული, რომელიც რატომღაც ყველას მარმარილო ეგონა, მხოლოდ უმანკო თიხა გამოდგა, მაგრამ ეგ მხოლოდ მე ვიცოდი აქამდე...
სიყვარული იყო ტკბილი და ჩვენც გვეკვროდა...
ჩალისფერი გაიყინა და მეც შეცივებულივით წამოვვარდი...
არ მეყო რასაც ვაკეთებდი და მეტი მომინდა...
იგი უძრავად იწვა და მე მიყურებდა. ეუცხოვა ჩემი სიგიჟე...
მე კი ფურცელი მეჭირა და კალამს დავეძებდი. უხერხული იყო, მაგრამ ვიცოდი გამიგებდა...
სილამაზეს ხატავენ მაგრამ მე მინდა დავწერო...
შიშველი. შიშველზე უფრო უმანკო. პრიალა თვალები, ვიწრო ჭრილები, დახრილი... უბრალო მოძრავი მუქი ბროლი. სინაზით მოხრილი ამურის მშვილდივით იშვიათი, ვიწრო წარბები. თვალის უპეებამდე გასროლილი ერთადერთი უხილავი წამწამი. ამურის ისარივით ტკბილი და თრობასავით სასიამოვნო. თავად ამური იყო ცხვირი. ანგელოზური ფრთებივით გადაკრული წვრილი ჭორფლრბით. ოდნავ ახრილი, არამიწიერი. ხელოვნების ნამდვილი ტრიუმფი. ამურის სხეულივით სრულყოფილი ფორმა. ისეთი, რომ დიდ პლატონსაც ენას მწარედ დააკბენინებდა სანამ შესაფერისი სიტყვის ძიებაში სულს არ დაზოგავდა და ბოლოს მხოლოდ იმას იტყოდა, რომ ასეთი სიტყვა მხოლოდ ღმერთსა აქვს, რმელმაც ერთ დროს ქმნა ნათელი და მეორედ ქმნა ქალი, რომელის დაწერასაც მხოლოდ უკანასკნელი სულელი თუ გაბედავდა და მე აღმოვჩნდი ასეთი. ღმერთი დუმდა. მე კი ღმერთი არ ვიყავი, რომ უკეთესი მომეფიქრებინა გარდა ამურისა. ამურული ცხვირისა, წარბისა და წამწამისა. რომლისაც მეშინოდა, რადგან ზე–ბედნიერი ვიყავი, არადა ღმერთი არ მერქვა. ამურულ ცხვირს ჩრდილი არ ჰქონდა... აქამდე უვნები ბაგეები და ტუჩის მხურვარე ნაოჭებში ჩამდგარი წყურვილი. თურმე ღმერთებსაც ვნებს მიწა, ამიტომ ეშინიათ მისი და ზეცაში ცხოვრობენ. შეწებილი ტუჩების ბოლოებიდან, უცნაური სიკეკლუცის აკორდი... კბილების რითმული წკარუნი, რომელსაც არც ციოდა, არც ეშინოდა, უბრალოდ ღელავდნენ. ამ რითმულობას აყოლილი თეთრი ყელი, ტკბილად დანერწყვილი ფერმკრთალი ხორხით.. ყავისფერი ჭორფლით მოხატული ვიწრო და თხელი ბეჭები უნაკლო, სწორი ხერხემლით მოჭიმული. მხრებზე დაყრილი ტალღოვანი კულულები, წაბლისფერი, ვფიქრობ, ისიც დაწერილი. ღვთაებრივ ნოტებად აწყობილი ბეთჰოვენი, ან შოპენი. თმებშიც მუსიკა ისმინებოდა, მაგრამ მე მხოლოდ ვგრძნობდი, არ მესმოდა. ღმერთის მელოდია მხოლოდ მას ეძღვნებოდა და მარტო მისთვის იყო გასაგები. ყურზე პატარა საყურე, თან მხოლოდ ერთი არა. მაშინ შევნიშნე ხელით რომ შეეხო, უფრო სწორად თითებით. თხელი და ერთიანად სწორი თითები, რომელსაც ნაოჭები არ ეტყობოდა, გრძელი ფრჩხილებით. მეც სწორედ ასეთს შევქმნიდი ღმერთი რომ ვყოფილიყავი. მისი სუნთქვა_ძლიერი. მრგვალად შეკრული მკვრივი მკერდი, აბსოლუტურად პროპორციული. გულის ჩუმი სერენადა მარცხნიდან და მფეთქავი მკერდით ჟრჟოლვანასროლი ტანის უჩვეულო შეშმუშვნა. თეძოებამდე ჩაკიდული სივიწროვე და ზომიერად მომრგვალებული თეძოები. ერთმანეთს რიდით გადაკრული შიშველი ფეხები და არც ერთგან ოდნავი მოხრა. მაღალი წვრილი წვივები, ისიც გამხდარი... ბეკონი ხატვისას ფუნჯს რომ გადატეხდა ისეთი. მე კი ვიჯექი და ვწერდი ქალს, რომელსაც ხორცი არ ჰქონდა, მთლიანად სული იყო...
როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან, ასე თავისუფალი და მხოლოდ ჩემი, იმედი გამიცრუვდა, რომელიც თურმე შიში ყოფილა. სიმარტივის შიში. ყოველთვის იმას ვამტკიცებდი სამყარო მარტივია მეთქი, მაგრამ ამით სულაც არ ვყოფილვარ ბედნიერი. ყოველთვის მინდოდა ვინმე შემდავებოდა, აეხსნა რომ ძალიან ვცდებოდი და მეც სიამოვნებით მოვუსმენდი, მაგრამ ასეთი არავინ ჩანდა. საბედნიეროდ ის არ აღმოჩნდა მარტივი. მისი რესურსი არც მხოლოდ გარეგნობაში იყო და არც შეგნებაში. ის ყველაფერში ამოუწურავი და შეუზღუდავი აღმოჩნდა. ხასიათშიც ჰქონდა რაღაც ძლიერი, რომელიც პირდაპირ გულზე მასკდებოდა, შემანჭყრევდა, გულისცემას ერთიათად მიჩქარებდა და მუდმივად მაგონებდა, რომ იქ სადღაც სიყვარულია, ჩვენი სიყვარული...
ქალის წერას მოვრჩი და ბედნიერი ვიყავი, რადგან ის ფურცელზე გადმოსულიყო და მე შემეძლო მისი ასე შენახვა. მეამაყებოდა იმისი რაც გავაკეთე...
გულს კი მაინც ეჭვი მიჭამდა, ვინაიდან პლაგიატი ვიყავი. ყველაფერი მისი სხეულიდან მოვიპარე, გადმოვწერე და უცებ მომინდა ყველას ჩემი ჰგონოდა...
***
დილა თოვლით დაიწყო. პირველი თოვლი...
ძილი, პირველად ერთად...
მისი თვალები, მძინარე და მისი სუნთქვა, ჩემი...
ფრთხილად გამოვაძრე ჩემი ხელი, რომელზეც მისი ცხელი სხეული ისვენებდა...
ყველა გთოვება თუ ჩემია, დღეს ის იყო მხოლოდ მისი...
პირველი თვალის გახელა და თოვლიდან გამოდნობილი ყვავილი...
არ მეგონა ამდენს თუ ნიშნავდა...
ქალს მოსწონს როცა მათზე ზრუნავენ. კაცს სიამოვნებს, როცა ქალი მისით კმაყოფილია...
ჩვენ კი მოგვწონდა დილა, რომელსაც ათენებდა სიყვარული და საღამო, რომელსაც აღამებდა ზრუნვა (ერთმანეთზე)...
დრო ტკივა შეყვარებულს, თუმცა დრო არაფერია...
როცა გიყვარდება დროც კვდება...
გიყვარდება და არასდროს გყოფნის მისი არსებობა. მოგწონს, გინდა, გვერდით გყავს და მაინც გენატრება...
თუ გებევრება, აჯობებს დაფიქრდე...
საკუთარ თავს არ უნდა ასწავლო ტყუილი, არც მისცე ნება ტყუილზე იფიქროს. ასე სიყვარული არ ამართლებს...
***
მე წინ მივდიოდი, ის ჩემს ნაკვალევს მოყვებოდა...
მისი პატარა ფეხებისთვის დიდი იყო კვალი, რომელსაც მე ვტოვებდი. დიდი იყო და მეც დიდს მაჩენდა...
მისთვის მე ბევრი ვიყავი. ისეთი ბევრი, რომელიც მისგან ბევრად განსხვავდებოდა...
მსიამოვნებდა თვალები, რომელსაც ვუყვარდი, რომელიც ჩემს ნაფეხურებს უკან მიდევნებოდა და ახალ გამოსულზე ოდნავ გასუსხული სახე, იმდენად საყვარელი იყო მომინდა ბავშვივით ჩამეკრა გულში, თუნდაც გულთან ახლოს. ასეც მოვიქეცი. მეტი მომივიდა და ტკივილმა უკმაყოფილების წმუტუნი გაადინა. შემეშინდა, შებოჭილი ხელები მოვუშვი და მის უკმაყოფილო გამომეტყველებას ველოდო, მაგრამ ნაცვლად ამისა ოდნავ შეწითლებული ლოყები და მომღიმარი ტუჩები შემრჩა. რასაც მისი უზომოდ ენერგიული ინიციატივა და ვნებიანი კოცნა მოყვა თან...
მერე უცებ ხელიდან დამისხლდა და შეკრული წარბებით მკაცრად მითხრა:
_ გვეყო ახლა. მგონი სადღც მივდიოდით..?
სიმკაცრე იმთავითვე ხელოვნური იყო, თანხმობის ნიშნად თვალი ჩავუკარი და განვაგრძეთ. ის ისევ ჩემს ნაკვალევს აბიჯებდა...
ჩვენ ისეთივე განსხვავებულები ვჩანდით, როგორაც განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან...
ჩემი წინ სიარული და მისი უკან ადევნება ვიღაცისთვის უხეში და მიუღებელი იქნებოდა, მაგრამ ჩვენთვის ამ უხეშობას სიამოვნება ერქვა...
ის იყო თავისუფალი. ამით მეც თავისუფლება მომცა...
მე ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა, მაგრამ არა იმასთან ვისთანაც მინდოდა.
No comments:
Post a Comment