Saturday, February 12, 2011

ბროწეული,თუ ადამიანი...



                 სკოლამდე ჯერ ადრე იყო. ალბათ 6_ის ვიქნებოდი. ეს დღე ყვლაზე კარგად მახსოვს, თუმცა არ ვიცი რატომ..? არ ვიცი იმიტომ, რომ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი და საკმაოდ უბრალო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში ...

                მე საწოლში ვიყავი, დედა როგორც ყოველთვის, რაღაც მოთხრობებს მიკითხავდა ძილის წინ, რომელსაც რა თქმა უნდა, დიდი მონდომებით  ვისმენდი. თვალებს ვაცეცებდი ისე, თითქოს თვალებით ვკრეფდი გაბნეულ სიტყვებს და არა მოსმენით ...

                არასდროს მე იქ არ ვიყოფილვარ. არა, უფრო სწორედ იქ ვიყავი, თავიდან ბოლომდე სიუჟეტში ჩაფლული და ყველა გმირს ვაიძულებდი ჩემს თვალწინ გაცოცხლებულიყო. დავრბოდი ჭვავის ყანებში, ტომსაც რამდენჯერმე დავეხმარე მძიმე ნივთების გადაზიდვაში. ჰოო.. მე მათ ვხედავდი ...

                განსაკუთრებით კი მიყვარდა გმირები, რომლებიც არ გამოირჩეოდნენ რამე განსაკუთრებული ნიჭით და საწყის ეტაპზე სხვებისთვის არაფერს წარმოადგენდნენ. ისინი ყოველთვის, საკუთარ თავში საკუთარ თავს დაეძებდნენ და მთელი ცხოვრება არაფერი გააჩნდათ საკუთარი თავის გარდა. ვერასოდეს ვხვდებოდი ასეთი ადამიანები რას მოიმოქმედებდნენ, ან როგორ დასრულდებოდა მათი ისტორია. არ ვიცი რატომ, მაგრამ მომწონდა კომფლიქტური პერსონაჟები, რომლებიც მხოლოდ მაშინ იმკვიდრებდნენ შესაფერ ადგილს, როცა საკუთარ თავზე იმარჯვებდნენ ...

                გულჩათხრობილი ბავშვობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ალბათ მეც მქონდა რაღაც ისეთი, რაც მაახლოებდა ამ ადამიანებთან და ადვილად მესმოდა მათი ...

                დედა თავთან იჯდა და ისევ რაღაც ამბავს მიკითხავდა ირლანდიელ ბიჭზე, რომელიც (ჩემთვის) არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მაინც მორჩილებით ვისმენდი. ერთი სული მედგა, როდის დასრულდებოდა ისტორია განებივრებულ "არსებაზე", რომელსაც ჩემი პროგნოზით ადრეთუ გვიან გონს მოსვლა და გამოსწორება ელოდა (ჩვეულებრივ, როგორც ასეთ მოთხრობებში ხდება ხოლმე). ამბავი ჩემს ჯინზე იწელებოდა, რამდენჯერმე წაუკითხავ ფურცლებსაც შევავლე თვალი (დროის გასაზომად) და ბოლოს როგორც იქნა ვიგემე ტრიუმფი. რა თქმა უნდა, ჩემი წინასწარი დასკვნები გამართლდა და თავს იმითვ ვიმშვიდებდი, რომ დღეს ამაში მაიც გამიმართლა ...

                მაგრამ მთავარი ჯერ წინ იყო, რაც ყველაზე მეტად მახალისებდა. თითქმის ყოველთვის,  წაკითხულს სხვა სახალისო ამბები მოყვებოდა, რომელსაც დედა ზეპირად მიამბობდა. ეს იყო რეალური ისტორიები, რომლებიც მას ენახა, ან გაეგონა სხვებისგან (სათავგადასავლო, კურიოზული და სხვა..). მე ძალიან მომწონდა მსგავსი ამბები, რაც მთავარია იგი ერთ-ერთი საუკეტესო საშუალება იყო, წაკითხული წიგნის "მძაფრი" შთაბეჭდილებებისაგან განთავისუფლებისა ...

                დღეს მითუმეტეს, რომ ყველაზე მეტად მჭირდებოდა ეს და მოუთმენლად ველოდი. თუმცა ასე არ მოხდა და დედამ ისტორიების ნაცვლად გამოცანები შემომთავაზა. არც ეგ ყოფილა ჩემთვის საპრობლემო, ვინაიდამ პირობის თანახმად, თუ სამივე გამოცანას გამოვიცნობდი მეორე დღეს სურვილი მისრულდებოდა (სამი ნაყინი პირადად). წინადადება იმთავითვე მაცდურად ჟგერდა და რა თქმა უნდა მეც ადვილად დამიყოლია ...

                პირველი ორი, მარტივი და ჩემთვის კარგად ცნობილი აღმოჩნდა, რომელიც მანამდე ბებოს დავტყუე ბუხრიან ოთახში და ასე თვითდაჯერებული მივიწევდი წინ "დიდებისთვის". როცა მესამე გამოცანის ჯერი დადგა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამასაც უპრობლემოდ გადავლახავდი და მერე რაღა შემიშლიდა ხელს ..?

                მესამე ჩემი სათადარიგო ვარიანტებიდან არც ერთი არ აღმოჩნდა, ეს იყო გამოცანა რომლის პასუხი დღემდე არ ვიცი, თუმცა მაშინ ბევრი არ მიფიქრია ისე ვუპასუხე ...

                როცა დედამ მკითხა, თუ რა იყოგარეთ ატლასი, შიგნით ათასიმე ვუპასუხე ადამიანითქო. კარგად მახსოვს მისი გაკვირვებული სახე, რომელიც არ ელოდა ამას, მაგრამ მერე უცებვე დაუთბა და ღიმილით მითხრა:

                _ განა ბროწეული შეიძლება ადამიანში აგერიოს კაცს ..?

                მან ეს მითხრა, შუბლზე მაკოცა და ისევ ჩამჩურჩულა:

                _ ახლა კი დაიძინე თორემ ხვალ მენაყინეს ვეღარ მიუსწრებ ...

                მე მარტო დავრჩი, ვერ გამეგო რა მოხდა. მე ხომ დავმარცხდი, მაშინ მენაყინე რა შუაშია, რატომ ახსენა დედამ საერთოდ?

                მეორე დილით, ჩემდა გასაოცრად, სამივე ნაყინი გამარჯვებულის სტატუსით მერგო. გამიკვირდა, მაგრამ მაგაზე ბევრი ფიქრით არ შემიწუხებია თავი და ბედნიერმა მალევე დავივიწყე ეს ამბავი ...

                ამასწინათ, რატომღაც ქართული ხალხური ლექსების კრებული გადმოვიღე და კითხვას შევუდექი, ჩემთვის საინტერესო ადგილები ამოვინიშნე (ყოველთვის ასე ვიქცევი, ჩვევად მაქვს), თან რაღაცეებს ვიხსენებდი და ჩემთვის,შეუმჩნევლად ვიღიმოდი. როცა პოეზიით გული ვიჯერე, შევეცადე ისევ რაღაც თავშესაქცევი მომეძებნა და შემთხვევით, წიგნის ბოლოს ანდაზები და გამოცანები ვიპოვე. სწორედ აქ აღმოვაჩინე ჩემი ამოუხსნელი თავსატეხი (ადამიანი იყო, თუ ბროწეული). ეს იყო და ეს, რომ გამახსებდა ბავშვობის ამბავი, რომელიც კი არ დამევიწყა, არამედ გაუცნობიერებლად შემენახა ამ დღისთვის და ახლა არ მიჭირს გავიგო, თუ რატომ  მერგო ნაყინი ...

                დღეს, რაოდენ გროტესკულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ, ჩემთვის, ყველა ადამიანი ბროწეულია ... ბროწეულია ადამიანი ...

2 comments:

  1. აქ დავწერ : ))
    ..რატომღაც მნიშვნელოვანია ჩემთვის..იცოდე, რომ ყველა წავიკითხე...
    წესით არ უნდა წერდე...
    ზედმეტად კარგია
    .....

    ReplyDelete
  2. ყველაფერი გასაგებია ერთის გარდა "წესით არ უნდა წერდე..." :)

    ReplyDelete