Sunday, February 13, 2011

სამი წერტილი უფრო მეტს ნიშნავს...




მე არ ვარ კაცი რომელსაც მარგალიტებად ცვივა სიტყვა, მაგრამ გემო კი ჩაეტანება იმას რასაც ვამბობ...

ჩუმად იყავიო!

ვითომ და რატომ? მე ხომ შემიძლია ლაპარაკი ბევრ სხვაზე უკეთ.

არა, დაჯექი და წერეო!

არ მინდა არც თქვენი წერა. წერა მაგიჟებს, მამდურებს, მართმევს, უკან კი არაფერს მაძლევს. ვწერ და ვშორდები ახლობელს, სათქმელს და ვაიჰ... ვიკარგები... წერა ჩემი წერააო მე არ ვიტყოდი, მაგრამ რაღაც მსგავსი, ალბათ, კი. წერა მავსებს და წერა მართმევს. ზოგჯერ მენატრება, მერე თავს მაბეზრებს. მძულს, რადგან მიყვარს. ასე რომ მიყვარს...

საპნის ბუშტებივით თავს დამასკდა ოცნების ბურთი....

ხშირად დღიურს გადავშლი, ცარიელ ფურცლებს დავყურებ. მინდა რაღაც დავწერო. ძალიან მინდა წერა. მაგრამ არაფერი გამოდის. შეუძლებელია საკუთარ თავს რამე აიძულო, თუ მას არ სურს. ერთხანს მაინც ვუყურებ ცარიელ ხაზებს, რომელიც სავსეა. ვიცი, რომ აუცილებლად შეივსება, მაგრამ როგორ? როდის? რაღაცას ვიწყებ მოუხელთებლად. აზრს ვწყვეტ. გადავიკითხავ, აღარ მომწონს, ვშლი, კარგად ვამუქებ დაწერილს, ბრაზიანი გული რომ ვიჯერო. ერთხანს თვალს არ ვაშორებ ფურცელს. ვიღლები ამ იდიოტური მდგომარეობით და ვბრაზობ, ოღონდ არ ვიცი ვისზე, ან რაზე. თუმცა ვიცი, ვერ ვიტან როცა რაღაც მინდა და არ გამომდის. სიბრაზით კი იმაზე ვბრაზდევბი ამას ვინმე, რომ უყურებს. ამ შემთხვევაში ჩემი თავი მაბრაზებდა, რომელიც ხელებში მომჩერებოდა, მე კი წერა არ შემეძლო. არ მინდოდა ჩემი სისუსტე საკუთარი თავისთვის მეჩვენებინა. ვიცი, მერე ისიც დამცინებდა. კალამის წვერს ძლიერად ვარჭობდი ფურცელზე,  ალბათ, მინდოდა გახეულიყო და შემდეგ უგულოდ ვხურავდი. შიგნით კი წერტილი რჩებოდა. მუქი მრგვალი წერტილი, რომელიც ნაჩხვლეტს გავდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ნაიარევს ემსგავსებოდა. აღმოჩნდა, რომ ბევრი ასეთი ნაიარევი დაგროვებულა ნაწერ ფურცლებზე. დახურულ რვეულს სადმე მივაგდებდი და მე საწოლზე ვწვებოდი.

გაშეშებული, მწოლიარე სადღაც მივარბენინებდი შერცხვენილ სხეულს, ნისლში ვქრებოდი და რაღაც უცხო სამყაროს ვხედავდი. სადაც არაფერს არ ჰქონდა სხეული, არ არსებობდა მატერია... სამყარო და ისიც დაწერილი მხოლოდ იქ არსებობდა და მეც ვკითხულობდი გულამომჯდარი. იქ ყველაფერს თავისი სახელი ერქვა და თავისებური ახსნა ჰქონდა. მეც იმ სამყაროში ვიყავი ჩაწერილი, თუ მიწერილი...
მე იქ ვეწერე და იცით რა მერქვა? _იღბალი. ჰო, იღბლიანი ვიყავი, რადგან მე შემიშვეს იქ სადაც არავის უშვებენ, ან მხოლოდ ერთეულების ხვედრია...

თურმე, ყველაფერი იწერება რასაც ვაკეთებთ. თავიდან კი სიტყვებად ყრია. საწერი მარაგი ყველასთვის თანაბარია, მაგრამ ტექსტს მხოლოდ ჩვენ ვკრებთ, წინადადებებს ვადგენთ და აზრებად ვაწყობთ. მიღებული კი ჩვენი ცხოვრებაა, ისტორია და ის ბედისწერა, რომელიც ჩვენმა ხელებმა დაწერეს უხილავად ყვითელ ფურცელზე...

მაშინ არც მე წამიღია სხეული. ვიჯექი და ვკითხულობდი სამყაროს, მინდოდა ბევრი მომესწრო, ყველაფერი წამეკითხა, მაგრამ ვიცოდი შეუძლებელი იყო...

ინდიელებს მიაწერენ ერთ ლამაზ გამოთქმას: „სიბძნე თითოეულ ნივთშია თავმოყრილი. ოდესღაც სამყარო დიდი ბიბლიოთეკა იყო.“

ცხოვრებას კოდექსი აქვს და მე ის მოვპარე. ოდესღაც კი უსასყიდლოდ არგუნა განგებამ ადამიანს (მაშინ ჯერ კიდევ ადამიანები გვერქვა). ახლა ის მე მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს კიდევ ვინმეს ვაჩვენო. პრომეთე არ ვარ კაცობრიობას ვალად გადავცე რამე. არც გმირი ვარ და ყორნებს ვერ ვიტან...

ჯერ გამოჩნდა დედა აჩრდილი და თვალებში ჩამხედა, მერე გარს შემოერტყნენ პატარა ჩრდილები, რომლებიც ნელ–ნელა იზრდებოდნენ, თან კიდევაც მრავლდებოდნენ და ვგრძნობდი, როგორ იკავებდნენ ჩემს ადგილს.  ამას აკეთებდა ჩემი ცოდვები. ცოდვილი ბუნება(გონება) მეტს ვერ ხედავდა, გარდა ჯოჯოხეთური ურჩხულებისა და ნახევარსახიანი აჩრდილებისა, რომლებიც სხეულს ბოჭავდნენ და სადღაც ექაჩებოდნენ...

სურვილმა მაინც მძლია, დანერწყვით გადავშალე ჩემი ცხოვრების პირველი გვერდი. არაფერს ვეძებდი უბრალოდ ინტერესი მკლავდა. თან შიშით თვალს ვერ ვახელდი, რადგან ჩემივე თავის მეშინოდა. მოლოდინიც გამართლდა. შიგ ცოტა მეწერა და იმასაც მიწის სუნი ასდიოდა. გაკრული ხელით დაწერილი მახინჯი სიტყვა ზოგან გაუმართავ აზრებს ტოვებდა. ხელით შევეხე ჩემს მიერ ნათქვამ ბიწიერ სიტყვებს, რომლებიც უკვე ჩამეწერა საკუთარ ბედისწერაში. ვიგრძენი, ბასრი ზედაპირი ჰქონდათ.  წვეტიანი ისრებივით დაქროდნენ გარშემო და ჩემს აკუწვას ლამობდნენ. ეს იყო სამსჯავრო, თუგინდ ჯოჯოხეთი ერვას. მე კი ცოდვების წინაშე ვიდექი, რომლებიც ადრე თუ გვიან თავისას მაინც გაიტანენ და დამასახიჩრებენ. ოღონდ ეს ჯერ არა.  გასაკვირია, უვნები გადავრჩი, თუმცა  არ ვიცი როგორ...

ყველაზე დიდი ცოდვა სიტყვა ყოფილა. როცა სიტყვების მარაგი არსენალად გექცევა და საკუთარი მიზნებისთვის პირველ ბრმა ტყვიას ისვრი. იცით, რა დანიშნულება ექნება თითოეულ შემდეგ ფრაზას, ან  აზრს?  კაცის კვლის... ჰო, ეს ის შემთხვევაა როცა სიტყვები ძალადობენ სხვებზე, რყვნიან და მოუშუშებელ ჭრილობებს ტოვებენ...

გაუფრთხილდით სიტყვებს. ისინი არ ქრებიან. იწერებიან...

მე ამ ყველაფერს არც თვალით, არც გონებით არ ვხედავდი. ვგრძნობდი და რეალობა გრძნობა ყოფილა...

მერე გონს მოვდიოდი და ვხედავდი წერტილს. მუქ წერტილს, რომელიც უკვე იარას გავდა და ხაზები სავსე იყო ასოებით, ნაჯღაპნებით და აზრებით. გამართული აზრებით. აზრებით, რომლებიც სულს ატარებდნენ, ოღონდ სხეული არ ჰქონდათ. ვერც ვიხსენებდი რვეულს როდის ვშლიდი და როდის ვიწყებდი წერას. არა, გადმოწერას, იმიტომ რომ მე მათი მოფიქრება არ შემეძლო, ისინი არსებობდნენ და მე მათ ვიწერდი...

ვიწერდი, მერე „რაღაცა“, „რაღაცა“ რა სამი წერტილი...

სამი წერტილი უფრო მეტს ნიშნავს...

No comments:

Post a Comment