_ვინ ვარ მე?
(ამას თქვენ ვერ გაიგებთ). არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს ამ სამი სიტყვის კომბინაცია. დავიწყოთ იქედან, რომ მე იმ სახელსაც კი არ მეძახიან, რომელიც დაბადებისას დამარქვეს. ყველასათვის სხვადასხვა ადამიანი ვარ. ჩემი სახელებიც შესაბამისად მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია. ბევრისთვის მეგობარი ვარ, უფრო მეტისთვის ნაცნობი, ზოგი თავის მოსწავლედ მიმიჩნევს, ვიღაცას მიყვარს ჰგონია, მეზობელსაც მეძახიან, რამდენიმეს კლასელიც აღმოვჩნდი, იმ ტიპის ნათესავიც გამოვდექი, თურმე ერთი ორის ძმაკაციც ვყოფილვარ, მშობლებისთვის შვილი ვარ და ასე თუ იასე ნაცნობი-უცნობი ვარ, მაგრამ აქედან „მე ვინ..?“ არ ვიცი...
ვიღაცას, შესაძლოა, განსაკუთრებული ვგონივარ, ვიღაცას პირიქით (საინტერესოა რა მოხდება, თუ არც ერთი არ აღმოვჩნდები). მახსოვს, გუშინ რაღაც ნიჭიერებაც აღმომაჩნდა, დღეს კი ისევ წავაგე ჯოკერში...
ხშირია, როცა ჩემს თავს ზემოდან დავყურებ. ვცდილობ, საკუთარი შევაფასო, როგორც სხვა და სწორედ მაშინ ვხვდები, რომ ის რასაც მე საკუთარს ვეძახდი, თურმე ისედაც სხვა ყოფილა, ჩემთვის უცხო... მიკვირს, რომ სრულიად უცნობ ადამიანებისთვის წუთებია საკმარისი, რომ შემხვდნენ და შესაბამისი სახელიც გამომიძებნონ („ჩემი მეგობარი“,„ჩემი მეგობრის მეგობარი“,„ჩემი შორრეული ნათესავი“,„ჩემი კურსელი“ და ა.შ ) მაგრამ მე წლებია ვერ მივმხდარვარ ვინ ვარ, რა მქვია? ბნელში მიჭირს გარჩევა...
არასდროს მქონია კომფორტი საკუთარ თავთან. ყოველთვის უხერხულად ვეტმასნებოდი შიგნიდან სხეულს, როგორც ნიგვზები მოხუცის გატენილ ჩულქებში, სუნთქვა მეკვროდა. აი, ისე როგორც თავზე ცელოფან ჩამოცმულს და ვუცდიდი როდის გამგუდავდა, არაფრის გაკეტებას არ ვაპირებდი. იმიტო კი არა, რომ მსიამოვნებდა. არა, იმიტომ, რომ აზრი არ ქონდა. იგი მაინც არ შეწყდებოდა. მაინც კარს ვაღებდი, გარეთ გავდიოდი. ვგრძნობდი, ვერავინ ამჩნევდა ჩემს „აკრულ“ სახეს და უჰაერობით დაბერილ, წითელ თვალებს. ისინი მხოლოდ გამვლელს ხედავდნენ ჩემში, რომელსაც უჩვეულო არაფერი ეტყობოდა, იგი სალამსაც კი საჭირო დროზე ადრე არ ამბობდა. ფრინველები წესისამებრ მიფრინავენ თბილ ქვეყნებში...
რა საჭიროა აქ დაფიქრება, ისედაც ნათელია, რომ ასეთებისთვის ზრდილობიანი, მშვიდი და შესაძლოა მისაბაძი ნაცნობიც ვიყავი. შეიძლება მოსწონდათ კიდეც ჩემი უემოციო ქცევები, ოდნავ მომღიმარი სახე და შეძლებისდაგვარად მოთბილ-მოტკბილო ხმა,მაგრამ სინამდვილეში მათ მხოლოდ ის როლი მოწონდათ, რომელსაც მე ვასრულებდი ერთ მსახიობიან ექსპერიმენტულ სცენაზე. ოტელო კომიკური მეჩვენა...
წლებია, მაგრამ თავიდან მაინც არ ამომდის ერთი მოხუცის ნათქვამი. რომელმაც მითხრა, რომ თავშეკავება მარადიული არ არის და ყოველთვის ვერ მოიხმარ იმას რაც შენი არაა, რაც ვიღაცისგან მოიპარე, ან უბრალოდ გადმოიღეო.
ახლა, ზუსტად ვიცი რაზეც მიმანიშნებდნენ, მაშინ გაჩენილი ციური ნიშნები...
მე, ყოველთვის ნებისყოფას ვცდიდი და თავზე „ცენზს“ წუთითაც არ ვიცილებდი. მოზრდილი ნაბიჯით ვასწრერბდი თავს. ამიტომაც მივაღწიე იმას, რომ ვიღაცეებს შევუყვარდი, დავიახლოვე და ნდობაც დავიმსახურე, მაგრამ რისთვის მინდოდა?! მე რა მივიღე იმის გარდა, რომ ყოველივე თურმე ცდა იყო საკუთარი თავი როგორმე დამევიწყა, წიხლი მეკრა და ლაფში ამომესვარა. ვპოულობდი და ვკარგავდი ჩემს საკუთრებას, ჩემს „მეს“. სამაგიეროდ კი სცენარს ვუწერდი გამოგონილ პერსონაჟს, რომელმაც იცოდა დილიდან დაღამებამდე რა უნდა ეკეთებინა, ვინ ენახა, ვისი მორიდებოდა და მწვანეზე როდის გადასულიყო. საერთოდ, ჩემზე ვერავინ იტყვის იმას, რომ მე ენაჭარტალობა, ხისთავიანობა, ან ნორმას გადახვეული საქციელი გამომევლინოს. პირიქით, არავისთან მითქვამს საჭიროზე მეტი, ადამიანებსაც არ ჩავრევივარ, თუ არ მკითხავდნენ და არც სხვის საზღვრებს გადავდიოდი, მაგრამ საკითხავია რად მიჯდებოდა ეს. სინამდვილეში, არავითარი საჭიროება, არც დოგმატურობა არ არსებობდა ამ ხნის განმავლობაში. ისეც ხდებოდა, როცა დაძაბული ვისმენდი ზოგიერთი ჭკუაჩამოთლილის ლაპარაკს და თავს ვერ ვპატიობდი. იმდროინდელი, ჩემი უმეტყველო სახე კოშმარებშიც არ მასვენებდა. მერე თავს რომ მოვიმარტოხელებდი მაგრად „ვიტისკებოდი“, „ვღრიალებდი“ უხმოდ და ჩემს კაპილარებს თრომბებად ახშობდა თითეული უთქმელი სიტყვა, რომელიც მოუნელებელი იყო ჩემი გონებისვის. ამიტომაც მძულს ნორმები, ედიკეტები, ჩარჩოები, კანონები, ნებისმიერი ქცევის კოდექსი და მერე ჩემი თავშეკავებულობა...
მასაზე გათვლილი თამაში რეალობაში წარმატებული გამოდგა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ თავთან თამაში იყო, სადაც მე გავიმარჯვე და მევე დავმარცხდი, ამით კი გავაყაიმე. ცუდი ის არის, რომ უკვე ისე ღრმად შევტოპე. ჩემი ცხოვრება უნებლიედ „მოთამაშემ“ დაიკავა და ჩემთვის მცირედი ადგილიც არ დატოვა. „მე“ განუხორციებელი რეალობა ვარ, რომელიც ვერასდროს დაიბადება, რადგან იგი, მკვდარშობილი მშობელთან ერთად მშობიარობამდევე დაიღუპა...
გზა უკან არ არის გმირისთვის, რომელიც მასამ შეიყვარა. ვინაიდან, უკვე ისინი არ მომცემენ ნებას იგი გავანადგურო და გახრწნილებაში ჩამითვლიან იმას, რომ სცენაზე ასულ ძაძაჩაცმულ ნიღბოსანს ყველაფერი გავხადო. რაც უნდა ლამაზი იყოს შიშველი სხეული, ცალკე ყველას, მაგრამ ერთად არავის მოეწონება, შემაჩვენებენ ჯორდანოს მსგავსად...
მირჩევნია გავჩუმდე ცელოფან გაგუდული, ვიდრე ისიც დავკარგო რასაც აქამდე „მივაღწიე“(აბსურდში ბედნიერების პოვნა, მგონი მარტივი არ უნდა იყოს და მე ეს შევძელი). აღმოვაჩინე, ჩემნაირებიც ყოფილან (მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია შევნიშნოთ ერთმანეთს სახეზე ნიღბები) თუმცა არ ვიმჩნევთ „GAMER“_ობას და ერთმანეთშიც ვიწყებთ თამაშს, თამაშს _ „შეუმჩნევლობის“.
ერთი ნამდვილად დავიჭირე, დავრწმუნდი, რომ ორი ნამდვილი ნიღაბი არ არსებობს (მხიარულის და მოწყენილის). იგია მხოლოდ ერთი_მხიარული გამომეტყველებით, რომელიც საფარია ადამიანური დაძაბულობის, ემოციურობის და უხერხულობისა. ხოლო დანარჩენი ხელოვნური, რომელსაც უნიჭოები იყენებენ საქმისთვის შეუთავსებლად, ან დიდებულები გასართობად მოწყობილ კარნავალებზე.
ყველა თმაში ოდესღაც მთავრდება. თამაშებსაც აქვს წესები და მოთამაშეებსაც გააჩნიათ გარკვეული მიზეეზები, როცა აქტიურად ერთვებიან მასში, აქ ყველაფერი კანონზომიერია და ურთიერთგამომდინარე. ალბათ, ჩემს თამაშსაც აქვს გარკვეული იდეა, ფინალის მსგავსი, მაგრამ ახლა ყველაზე ნაკლებად ეგ მინდა.
მე , ცხოვრებასთან თამაშისთვის ვისჯები და არც ვაპირებ გაჩერებას, რადგან ვაღიარებ ასე მეტია აზარტი. მეტიც, ყველაფერ უბედურებასთან ერთად მგონი მსიამოვნებს. არადა ტყუილად გავუბრაზდი, როცა მაზუხისტი მიწოდა...
მე, დაგცინოდით ყველას და ამისთვის ბოდიშს ვერ გიხდით, ვიტყუებოდი და არც ამას ვნანობ, მძულდნენ და ვერც ახლა შევიყვარებ, სულ გავრბოდი და ნურც მოითხოვთ დაგიბრუნდეთ...
მე, მოთამაშე, ვერ დავდებ პირობას,რომ უფრო სანდო გავხდები და ემბანიდან დავიწყებ სმას. ეგ დიდი ტყუილი იქნება. თამაში თამაშია დაიწყებ და ბოლომდე უნდა ითამაშო, თორემ ჩაიძირები...
არ გამიკვირება, თუ ვიღაც იკითხავს, ბიჭო! ნუთუ მართლა ასე ფიქრობო? და რაოდენ იდიოტურადაც არ უნდა ჟღერდეს,მაინც გაუჭირდებათ ჩემი რეალობის დაჯერება. ვინც დაიჯერებს გაიფიქრებს, დიდი გაიძვერა ყოფილხარო, ან პათოსური შიში და უნდობლობა გაუჩნდება ჩემდამი. არც ეგ მაინტერესებს,რადგან თამაში რეაქციებზე უკვე დასრულდა. უდაბნოშიც ელიან წვიმებს...
დაუმატებენ, ამის მერე ვის უნდა თხოვოო შენ მოსმენა, შენი გაგებაო. ჰოდა, ალბათ მართლებიც იქნებიან. აქ, ჩვენთან, ყველა თავისას აწვება და ვის რაში აინტერესებს ვიღაც, მითუმეტეს ისეთი, ვინც მიჩვეულია ცინიზმს და თვითონ არ უნდა გახდეს მარტივი. ისეთი, როგორიც არიან ბევრნი. მერე იმასაც მკითხავენ, ნიშნისმოგებით, თუ რით ხარო უკეთესი სხვებზე თავი განსაკუთრებულად რად მოგაქვსო, ან რას მოგიტანს საკუთარ თავზე ლაპარაკი, რას დაგვიმტკიცებ ამითო. იქნებ, მართლა ეგოისტი ვარ. იქნებ, მართლა ეგოცენტრულია ჩემი ნათქვამი, მაგრამ არც აქ მსურს თავი ვიმართლო, მითუმეტეს ვინმეს რამე ვუმტკიცო. მე ყოველთვის ვილაპარაკებ „მეთი“ და მოვერიდები ვახსენო „იგი“, „მან“, „მას“, „შენ“, „მათი“... „შენ-ჩემობა“ აქ არ მოსულა. ეგ კი არა და შეიძლება უიღბლობაც დავიწუწუნო, რადგან უკვე მეთერთმეტედ გამორჩა მასპინძელს ჩემი ნახევრად სავსე ჭიქა. ვითომ მემდურის..?
ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადამიანს თავს ვუჭედავდი ათას სულელურ თამაშებით და ამით ვცდილობდი, შინაგანად განვთავისუფლებოდი ჩემს „მოთამაშეს“. მე იგი, მძულდა და სხვებსაც ვაძულებდი. მინდოდა, მათაც შეზიზღებოდათ ის, ვინც მოწონდათ ჩემში და დაენახათ ის ვინც ყველაფრის მიღმა იდგა, გულწრფელი. გული არ მწყდება ვინც ვერ მიმიხვდა და არასრულფასოვანი ვგონივარ დრემდე, იქნებ სჯობს ასეც იყოს...
ჩემი ტყუილი სუფთაა,მათი შეფასება ლოგიკური...
No comments:
Post a Comment